თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზად არის, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პირველი არხის ეთერში.
„ბიულეტენები დაბეჭდილია, ამომრჩეველთა სიები იბეჭდება. დღეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნების დღეს არჩევნები ჩავატაროთ და ამომრჩევლებს მოვემსახუროთ", – განაცხადა ჟვანიამ.
პრეზიდენტობის კანდიდატი 25-ია. აქედან, ექსპერტების მტკიცებითა და სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი სამია: სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", გრიგოლ ვაშაძე - კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომელზეც ფსონს ჩამოდის გაერთიანება „ძალა ერთობაშია" და ვაშაძის ყოფილი თანაპარტიელი, ამჟამად პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე.
გარდა პრეზიდენტისა, 28 ოქტომბერს თერჯოლასა და სამტრედიაში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებსაც აირჩევენ.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაახლოებით 3,5 მლნ ამომრჩეველს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ 14,8 ათას მოქალაქეს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ.
არჩევნებისთვის გაიხსნება დაახლოებით 3,7 ათასი საარჩევნო უბანი. უფრო ადრე ცესკოში განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ იმუშავებს 61 უბანი (44 ქვეყანაში). ორი უკვე გაიხსნა ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილებზე.
ბოლო მონაცემებით, არჩევნებზე იმუშავებს 1,2 ათასზე მეტი დამკვირვებელი 50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 187 დამკვირვებელი - ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე დამკვირვებლები ორი ქვეყნის საელჩოებიდან და 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.