ელოდება თუ არა ქვეყანას არჩევნების შემდგომ „პოლიტიკური დეჟავიუ"

© Sputnik / Alex Shlamovსაარჩევნო კამპანია
საარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტთა მოსაზრებები თემაზე – პოლიტიკური სცენარი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ.

28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ახალ პოლიტიკურ პროცესებს დაუდებს საფუძველს. პოლიტიკური დუღილი პიკს მიაღწევს. არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია. ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს 53%-ანი მხარდაჭერა აქვს.

თუმცა, ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ მეორე ტური გარდუვალია. არჩევნების მეორე ტურს ექსპერტებიც ვარაუდობენ. ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს და ადგილი ექნება ტოტალურ გაყალბებას, რადგან სახელისუფლებო კანდიდატი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

ანალიტიკოს ნოდარ ხარშილაძის აზრით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი იქნება. ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ყველა ხელისუფლება იყენებდა, არსად გამქრალა და „ქართულ ოცნებას" არ შეუცვლია სისტემა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია

„თუმცა, დღეს ვინ გაიმარჯვებს მართლაც სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, ძნელი სათქმელია. მეორე ტური ჩატარდება და იქ გაირკვევა, როგორ შეძლებენ მისი მონაწილეები „შუაში მყოფი“ ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანას. კვლევები ადასტურებს, რომ დღეს მოსახლეობის უმრავლესობა „შუაში მყოფია“, – აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

ძნელია არ დაეთანხმო მის პოზიციას...

„დღეს, როდესაც „ქართული ოცნების" რეიტინგი ასე დაცემულია და ივანიშვილთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში მწვავე კითხვები ისმის, ამასთან ჰყავთ კანდიდატი, რომელიც ყველაზე უარესია არა მარტო კანდიდატებს შორის… ამას ცუდი შედეგები მოჰყვება როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ. თუ ეს გამარჯვება იქნება უსინდისო და ცინიკური გაყალბების ფონზე, ჩემი აზრით, აქციები აუცილებლად გაიმართება და ხელისუფლებას დაბრალდება ყველაფერი, რასაც ზურაბიშვილი აქამდე ამბობდა. ისეა დაცემული ხელისუფლების რეიტინგი და ზურაბიშვილს ისე ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, რომ გაყალბება ყველასთვის აშკარა იქნება“, – მიაჩნია ნოდარ ხარშილაძეს.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოვლენების განვითარებაზე განსხვავებული შეხედულება აქვს ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს. მისი აზრით, ოპოზიცია დიდ შეცდომებს უშვებს.

საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური - Sputnik საქართველო
ცესკო მზადაა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა

„ნაცმოძრაობა" არსებით შეცდომებს უშვებს, მათ ისეთი შავი პიარი აამუშავეს, რომელსაც, შესაძლოა, ბუმერანგის ეფექტი მოჰყვეს. ყოველ დღე ჩნდება ახალ-ახალი მასალა, ხალხი ამას ეჩვევა და მიზანი, რომ საზოგადოება ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განაწყოს, მიუღწეველი რჩება. ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს“, – ასეთია რამაზ საყვარელიძის პოზიცია.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალებს" ბევრი საშუალება ჰქონდათ, აქამდე რაღაც სიმპათიის მსგავსი დაემსახურებინათ, მაგრამ ყველაფერი ხელიდან გაუშვეს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება უშვებს შეცდომებს. კი, ბატონო, უშვებს, მაგრამ ოპოზიცია განა არ უშვებს შეცდომებს? შესაბამისად, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ქართული პოლიტიკა ასეთი პოლიტიკოსებით არის სავსე – მხოლოდ უნამუსოებით კი არა, შეცდომის დამშვებებითაც, ხელისუფლება კი ამას იყენებს. ჩვენი პრობლემა ჭკუისა და გონიერების დეფიციტია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, მაგრამ ოპოზიციას არ ექნება შესაძლებლობა ვითარება ისე დაძაბოს, რომ ხელისუფლებას გონიერება დასჭირდეს. აქამდე მომხდარი ყველა ფაქტი ამას ადასტურებს“, –  მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოშია

თუ საბოლოოდ შევაფასებთ მიმდინარე პროცესებს, კიდევ ერთ ფაქტორზე უნდა გამახვილდეს ყურადღება: პოლიტიკურ გარემოს ძალიან დიდი დაღი დაასვა იმ ფაქტმა, როცა საპრეზიდენტო მარათონის მიღმა აღმოჩნდა მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რადგან ნეიტრალური ამომრჩევლისათვის ასეთი კანდიდატი ყველაზე  მისაღები იქნებოდა. დღემდე აუხსნელია, რა ზემოქმედება მოახდინა მარგველაშვილზე ბიძინა ივანიშვილმა. მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნების შემდგომ მესამე პოლიტიკური ცენტრის აუცილებლობა მაინც დადგება დღის წესრიგში.

იქნება თუ არა საპროტესტო აქციები? უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ხელისუფლება გამოიყენებს თავის ბერკეტებს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად, ოპოზიცია პროცესების გადატანას ეცდება ქუჩაში, ხოლო ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის მცდელობა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ხილი ნამდვილად არ იქნება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0