თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში თვალის დაავადების რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასით გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეკომპანიის ცნობით, 2008 წელს თვალის დაავადებების 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2017 წელს კი მათმა რიცხვმა 125 ათასს გადააჭარბა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თვალის დაავადებების ზრდა აღინიშნება ბავშვებშიც – გასულ წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა.
ბავშვებში თვალის დაავადებების რაოდენობის ზრდას ექიმები კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებას უკავშირებენ და განმარტავენ, რომ ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებისას თვალი განსაკუთრებით დაძაბულია.
პაციენტების უმრავლესობას თვალის სიმშრალე, ცრემლდენა და მხედველობის გაუარესება აწუხებს.