თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დღეს თბილისში, დედა ენის ბაღში, „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ დააკავეს, თავისუფალია, იუწყება პირველი არხი.
„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.
ზურაბ ჯაფარიძე დღეს ამ საქმის ფარგლებში დააკავეს. ჯაფარიძემ დედა ენის ბაღში შეკრებილებს რამდენიმე „შეკეთებული“ საჯაროდ დაურიგა. ამით მან ჩაიდინა დაპირებული „დაუმორჩილებლობის აქტი“ და გააპროტესტა ის, რომ პოლიციამ მას „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ ჩატარებაში ხელი შეუშალა. შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიციას ნებაყოფლობით პოლიციის სამმართველოში გაჰყვა, სადაც მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
გარდა ამისა, დღეს ფესტივალის ორგანიზებისთვის დააკავეს „გირჩის“ ორი წევრი იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის პარტიის 9 წევრი.
ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო უკვე დატოვა. მისი თქმით, ის შენობაში საფუძვლიანად გაჩხრიკეს, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა.
„მითხრეს, რომ დაკავებული არ ვარ. მოყვანილი ვიყავი გამოკითხვაზე. ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა დეტალურად... შემდეგ იყო გამოკითხვა, საკმაოდ ვრცელი, რამდენიმე გვერდიანი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამომკითხეს დეტალებში ფესტივალთან დაკავშირებით, როგორ დავაორგანიზე, რას ვაპირებდი, რა გავაკეთე, „ჯოინთი“ რას ნიშნავს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ეს გამოკითხვა იმით დასრულდა, რომ მითხრეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ემუქრება თუ არა საფრთხე მის საპრეზიდენტო კანდიდატობას.
„წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა გამოკითხვის დროს მესმოდა, ვიღაცები იძახდნენ, ცესკო-ს შევატყობინოთო. რას ნიშნავს, არ ვიცი“, – განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობა დატოვეს სხვა დაკავებულებმაც: იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, თორნიკე გორგოძემ, ტორესა მოსმა, ნიკა ქავთარაძემ. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ისინი გაჩხრიკეს და მათაც კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოუჩინეს.
არსებული ინფორმაციით, დანარჩენ დაკავებულს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ. ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით კი, პოლიციის შენობაში დარჩება ორი მათგანი, რომელთა საკითხზეც ხვალ სასამართლო იმსჯელებს.