ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანი
ნანა ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც იცით, ჩვენ დროდადრო საინტერესო კოლეგებს და მათი კადრს მიღმა დარჩენილი ცხოვრების ფრაგმენტებს გაცნობთ. ამ მასალაში ბათუმელ კოლეგას – ჟურნალისტს, ტელეწამყვანს, რეჟისორსა და პროდიუსერს ნანა ახვლედიანს ვესაუბრებით.

იგი ცნობილი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის გიორგი ახვლედიანის შვილიშვილი გახლავთ, ამიტომ სამართლიანად თვლის, რომ ამ პიროვნების გავლენა მის ცხოვრებაზე დღემდე იგრძნობა...

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანი ტელევიზიის საეთერო სტუდიაში
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
ნანა ახვლედიანი ტელევიზიის საეთერო სტუდიაში

– ქალბატონო ნანა, ჟურნალისტები ყველაზე კომუნიკაბელური ხალხია და ამ პრინციპით ხომ არ შეარჩიეთ პროფესია თავის დროზე?

– მაშინ ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქ ბათუმში აჭარის ტელევიზია გაიხსნა. ძალიან გამიხარდა, რადგან ტელერეჟისორობა ჩემი ოცნება იყო. 1991 წელს ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. როცა გავიგე, რომ ვაკანსია იყო ტელერეჟისორის შტატზე, მაშინვე აჭარის ტელევიზიაში მივედი. მაშინდელმა ხელმძღვანელმა შოთა ზოიძემ და მისმა მოადგილემ ამირან კიღურაძემ მთავარ რეჟისორს პაატა კაკაურიძეს შემახვედრეს. პაატამ მკითხა, თქვენი მონაცემებით ტელეწამყვანობაზე არ გიფიქრიათო, და დასძინა, ტელერეჟისორობა გოგონასთვის რთულია, ჩვენ კი თქვენი მონაცემების მქონე წამყვანი ძალიან გვჭირდებაო (გულისხმობდა გამართულ მეტყველებას, მანერებს, ტელეგენურობას და ა.შ.). მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, პირდაპირ ეთერში ძალიან მალე და ჩემთვის მოულოდნელად გამოვჩნდი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა აჭარის ტელევიზიაში...

© photo: courtesy of Nana Akhvledianiგადაცემა პროექციის გადაღებაზე: ზვიად სირაბიძე, ნანა ახვლედიანი და ზვიად ელიზიანი
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
გადაცემა პროექციის გადაღებაზე: ზვიად სირაბიძე, ნანა ახვლედიანი და ზვიად ელიზიანი

– თუმცა ეკრანზე გამოჩენით მოპოვებულ პოპულარობას არ დასჯერდით...

– ტელეწამყვანად გარკვეული წლები ვიმუშავე, მაგრამ ჩემი პირველი ოცნება არ დამვიწყებია. ამიტომ შემდეგ გადავედი რეჟისორის ასისტენტად პირდაპირ ეთერში, მალე კი პირდაპირი ეთერის რეჟისორიც გავხდი. ერთი პერიოდი საინფორმაციოს რეჟისორადაც ვმუშაობდი და შემოქმედების რეჟისორადაც, შემდეგ გავაკეთე არჩევანი და დღეს შემოქმედების რეჟისორი და პროდიუსერი ვარ. თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ ყველა რგოლი, რაც გავიარე, იყო ცალკე საფეხური, რამაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შემძინა იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ. ჩემი ყველა პროექტი ძალიან მიყვარს და ყველა მათგანზე მუშაობის დროს ბოლომდე ვიხარჯებოდი.

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანი ბათუმის თოჯინების თეატრის რეჟისორთან, მედეა ჩარკვიანთან ერთად
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
ნანა ახვლედიანი ბათუმის თოჯინების თეატრის რეჟისორთან, მედეა ჩარკვიანთან ერთად

– ტელესივრცეში თქვენ მიერ მომზადებული პროექტებიდან რომელიმემ თუ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– ამ პროექტებიდან გამოვყოფდი ზვიად სირაბიძის პროექტს „პარალელი“, რომელიც უპრეცედენტო პროექტი იყო ქართულ ტელესივრცეში, რადგან იყო პირველი საქველმოქმედო ტელეპროექტი. ამ პროექტზე მუშაობის დროს რეალურად ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ. ბევრ ადამიანს სრულიად უანგაროდ მივანიჭეთ დიდი სიხარული და ბედნიერება. ჩვენ ეთერში ეს პროექტი ორჯერ დაბრუნდა და თუ რაიმეთი მიამაყია, ალბათ, პირველ რიგში, ეს პროექტია, რითიც დღემდე ვამაყობ. მადლობელი ვარ ჩემი უნიჭიერესი ავტორის ზვიად სირაბიძის, რომელმაც საშუალება მომცა ასეთი ადამიანური გადაცემის რეჟისორად მემუშავა. თამამად ვიტყვი, რომ ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება იმ კუთხით შეცვალა, რომ მივხვდი მთავარს: ადამიანი მადლობელი უნდა იყოს იმისი, რაც მას ღმერთმა მისცა და არასოდეს იგრძნოს თავი უბედურად, როცა ის და მისი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან. დავრწმუნდი, რომ ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია.

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანი მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტის დროს
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
ნანა ახვლედიანი მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტის დროს

– ალბათ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, ვისაც ტელევიზიაში უმუშავია, რომ საეთერო სივრცისთვის ე.წ. ეკრანის საინტერესოდ შეფუთვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ თქვენ საინტერესო ნამუშევრები გაქვთ...

– მართლაც ასეა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ძირითადი პროგრამის გარდა რითია და როგორაა ეთერი შევსებული და გალამაზებული. ამ მხრივ აჭარის ტელევიზიაში სიტყვა მართლა მეთქმის. საქმე ისაა, რომ დამზადებული მაქვს ორმოცწუთიანი არტი, რომლის გადასაღებადაც სულ რაღაც ათ დღეში მე და ოპერატორმა მამუკა ჩხიკვაძემ მთელი აჭარის მთა-ბარი მოვიარეთ. შესაბამისი მუსიკალური ფონით დავამზადე ულამაზესი არტი, რომელსაც ინგლისური ტიტრები ახლდა და უცხოელ ტურისტებზე იყო გათვლილი. მისი ნახვის შემდეგ ხალხს აჭარაში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდა და, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს ამ მხარის პოპულარიზაციაში რაღაც წვლილი ჩემიცაა.

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანი ჩვენებაზე - წარმატებული ქალი
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
ნანა ახვლედიანი ჩვენებაზე - წარმატებული ქალი

– თქვენი გამზრდელი ბაბუა გიორგი ახვლედიანი საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო და მისი გავლენა თქვენზე აშკარად აისახა...

– მე ბებიამ ქეთევან ჩხიკვაძემ და ბაბუამ გიორგი ახვლედიანმა გამზარდეს. თუ რამე კარგია ჩემ ბუნებაში, ეს მათი დამსახურებაა. ბაბუა რუსთაველის თეატრის მსახიობი და სანდრო ახმეტელის უსაყვარლესი არტისტი იყო. ის ხშირად იხსენებდა, ყოველთვის ვგრძნობდი ამ დიდი რეჟისორის გამორჩეულ ყურადღებას ჩემ მიმართო. 1932 წელს შეიქმნა პირველი სასწავლო ჯგუფი, რომელიც ბათუმელებით იყო დაკომპლექტებული, თანაც იმ პერიოდში (1935-1937 წლებში) სანდრო ახმეტელს და მის გარემოცვას პრობლემები ჰქონდა. მოკლედ ამ ყველაფერმა სამსახიობო კურსთან ერთად ბაბუას ბათუმში წამოსვლა განაპირობა. მან რკინიგზის თეატრში რეჟისორად დაიწყო მუშაობა. ბაბუა ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი იყო. მთელი ცხოვრება ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ მის ხსოვნას ჩრდილი არ მივაყენო. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები აღარ არსებობენ. ბაბუა 65 წელი ემსახურა აჭარის კულტურას და ძალიან მტკივა გული, როცა ბათუმის დრამატულ თეატრზე რაიმე ღონისძიებას აწყობენ და მას არ ახსენებენ. არადა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, კარგად იცის, სინამდვილეში როგორი პიროვნება იყო გიორგი ახვლედიანი.

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანის ბაბუა, მსახიობი გიორგი ახვლედიანი გადაღების დროს
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
ნანა ახვლედიანის ბაბუა, მსახიობი გიორგი ახვლედიანი გადაღების დროს

– ვიცი, რომ გენდერულ თანასწორობაზე არაპოპულარული მოსაზრება გაქვთ...

– გენდერი? დიახ, ამ საკითხზე განსხვავებული აზრი გამაჩნია, მაგრამ არა მგონია, რომ ასე მარტო მე ვფიქრობდე. საქმე ისაა, რომ 29 წლის ვიყავი, როცა მეუღლე დამეღუპა და მას შემდეგ ცხოვრებას მარტო ვუძღვები. მარტომ გავზარდე ქალიშვილი და ახლა არცთუ ისე პატარა მონაწილეობას მისი შვილის გაზრდაშიც ვიღებ. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ქალს მამაკაცის დონეზე მოეთხოვება ყველაფრის კეთება. მარტო უფლებები ხომ არ არის? არსებობს ვალდებულებებიც. ამიტომ ქალისა და მამაკაცის გათანაბრების მომხრე არ ვარ – არც უფლებებით და, მით უმეტეს, არც ვალდებულებებით. მამაკაცი ოჯახის და ქვეყნის პატრონიცაა. ფასადური და ზერელე არაფერი მიყვარს, ვთვლი, რომ ქალი რაც უნდა ძლიერი იყოს, კაცი მაინც სხვა მუხტს ატარებს. საერთოდ, კარიერა კარგია, მაგრამ მას თუ ოჯახსაც და სხვა ვალდებულებებსაც შეუთავსებ, უკეთესია. ქალი აქტიური უნდა იყოს, მაგრამ არსი არ უნდა დაკარგოს, ის სიცოცხლის საწყისია და უმთავრესი მაინც ეგაა.

© photo: courtesy of Nana Akhvledianiნანა ახვლედიანი
ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია, ანუ კეთილი ამბების „პარალელი“ - Sputnik საქართველო
ნანა ახვლედიანი

– „პარალელზე“ მუშაობის დროინდელ სიკეთის რომელიმე ამბავს ხომ არ გაიხსენებდით?

– მახსოვს, ერთ-ერთ სოფელში წავედით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე სიუჟეტის გადასაღებად. თან გზაში ვდარდობდი, შვილს მხოლოდ შემწვარი კარტოფილი დავუტოვე–მეთქი. დავიწყეთ გადაღება. რვა წლის ბიჭის ინტერვიუს ვწერთ, რომელსაც შვიდი მცირეწლოვანი და-ძმა, ჭლექით დაავადებული მამა და ფსიქიურად ავადმყოფი მამიდა ჰყავდა. ბავშვი ინტერვიუში გვიყვება, რომ და-ძმაში ყველაზე უფროსია, რომ ზოგჯერ ისე ხდება, რომ კვირაობით პურის ნატეხიც არ აქვს ნაჭამი, რადგან მას უმცროსებს უთმობს. ამ სიტყვებზე მე და ჩემი გადამღები ჯგუფის წევრები, რომ იტყვიან, მოვკვდით... მეორე დღეს ჩემი წუწუნის გამო უფალს პატიება ვთხოვე და თან მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა ამ პატარა ბიჭს დავხმარებოდით. მთელი ეს წლები ისე ვიცხოვრე, როგორც შევძელი. მიყვარს ჩემი გავლილი გზა – თავისი სიხარულითა და დაბრკოლებებით, მიყვარს ჩემი საქმე და ის ადამიანები, ვის გარემოცვაში ვარ. ვგიჟდები ჩემ ქალაქზე, მის ქუჩებში ხეტიალზე და ზღვაზე, რომელიც ჩემი ყველაზე ერთგული მესაიდუმლეა...

 

ყველა ახალი ამბავი
0