თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების პირველი მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge საქართველოში 23-26 ოქტომბერს გაიმართება, აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
Welcome Challenge ერთმანეთთან დააკავშირებს ტურისტული სფეროს სხვადასხვა მოთამაშეს: წამყვან ექსპერტებს, ინოვაციური სტარტაპების ავტორებს, დიდი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.
ფორუმის მთავარი სპიკერი იქნება მწერალი და ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავი რიჩარდ ბანგი, რომელმაც დააარსა Expedia Group - გლობალური მოგზაურობების ამერიკული კომპანია. აუდიტორიის წინაშე გამოვა ასევე National Geographic-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, ასევე Booking.com-ისა და TripAdvisor-ის მენეჯერები.
ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: დისკუსიები და მასტერ-კლასები; შეჯიბრება სტარტაპებს შორის; ინვესტორებთან შეხვედრა. სავარაუდოდ, თბილისს მსოფლიოს 65 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, მათ შორის იქნება დაახლოებით 30 საუკეთესო სტარტაპის შემქმნელი ტურიზმის ფსეროში.
მასშტაბური ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში. პარტნიორია მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია (UNWTO).
ტურიზმის სფერო საქართველოში დინამიკურად ვითარდება. ტურისტების რიცხვის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება სასტუმროების მშენებლობა, ვითარდება ახალი ტურისტული მარშრუტები, მზადდებიან გიდები. ამასთან ერთად ხელისუფლება თანხას არ იშურებს საზღვარგარეთ სარეკლამო კამპანიებზე - საქართველოს შესახებ წერენ ცნობილი გამოცემები, პოპულარული ტელევიზიები ქვეყნის შესახებ ვიდეორგოლებს გადასცემენ.