თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან 11 წლის მოსწავლე გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გუშინ საღამოს გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. მოზარდი ამჟამად იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება. ის გონზეა და მკურნალობას აგრძელებს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მოზარდი რამდენიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას აღენიშნება კიდურების, მხრების და სახის მრავლობითი მოტეხილობა. მოსწავლე სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
„ეს არის სკოლის ეზოს ნაწილი, სადაც თამაშობდნენ ბავშვები... ეს ადგილი არ არის განკუთვნილი თამაშისთვის, მაგრამ მოსწავლეებს იქ ასვლა არ ეკრძალებათ. ალბათ, ჩატარდება შენობის რეკონსტრუქცია და მოსწავლეები იქ სათამაშოდ ვეღარ ავლენ“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთი მიქანაძემ.
მოსწავლეების მშობლებმა აღნიშნეს, რომ გაკვეთილების შემდეგ და შესვენებებზე მოსწავლეები იმ ადგილას ხშირად ადიოდნენ და თამაშობდნენ.