თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, რადგან შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციის ყველა გეგმის კურსშია, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარია პირველი არხის ეთერში.
პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ოთხშაბათს ოპოზიციური ტელეარხ Rustavi2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ სუსი აპირებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი საუბრების აუდიოჩანაწერები გაავრცელოს. ამასთან გვარამია არ უარყოფს, რომ ეკონტაქტება როგორც სააკაშვილს, ისე სხვა ოპოზიციურ ლიდერებს.
„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა, დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძლევა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციური ტელეარხი Rustavi2 ოპოზიციის პლაცდარმად იქცა. გარდა ამისა, სწორედ ამ ტელეარხის ეთერში ვრცელდება ყველა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც, ხელისუფლების თვალსაზრისით, არჩევნების წინ დესტაბილიზაციის ფონის შექმნას ემსახურება.
„მსგავსი ფაქტებით სამწუხაროდ, ცდილობენ, რომ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმაში, რომ შექმნან გარკვეული მოლოდინი, არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე. პირდაპირ მინდა განვაცხადო, ნუ აქვთ ამის ილუზია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.