თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ქართელი საბავშვო მწერალი ბონდო მაცაბერიძე ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემიაზეა ნომინირებული - ნომინანტები ამ დღეებში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გამოაცხადეს.
სულ ნომინანტების სიაში მსოფლიოს 64 ქვეყნიდან 246 კანდიდატია.
ლაურეატის სახელი ცნობილი 2019 წლის აპრილში გახდება. გამარჯვებულს გამოავლენს შვედეთის კულტურის ეროვნული საბჭოს მიერ შედგენილი ჟიური.
ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს ცნობილი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის საპატივსაცემოდ დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი ხუთ მილიონ შვედურ კრონს შეადგენს.
პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.
2018 წლის პრემიის ლაურეატი გახდა ამერიკელი მწერალი ჟაკლინ ვუდსონი.
ნომინანტებს საქართველოდან, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა წარადგენს.
ბონდო მაცაბერიძე წარმოშობით სამტრედიიდან არის. აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო.
ის ავტორია ცნობილი ზღაპრებისა და კრებულებისა: „ზღაპრები ბექნა ბიჭზე", „ზღაპრები თეკლა გოგოზე", „ზადო და ბადო", „ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე" და სხვა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ და სხვა მრავალ ენაზე.