მერხის ქვეშ დამალული შვილი, ორ ქვეყანას შორის დარჩენა და ქართული „აისი“ სტამბულში

© photo: courtesy of Melani Turkmenმელანი თურქმენი
მელანი თურქმენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“-სტამბულში მცხოვრებ მელანია ბერაძე-თურქმენს გაიცნობთ.

დამეთანხმებით, სტამბული უკვე დიდი ხანია, რაც შორეულ და ჩვენთვის უცხო ქვეყნას აღარ წარმოადგენს. იქ გადასვლა პრობლემის გარეშეა შესაძლებელი, მაგრამ როგორ გრძნობენ ისტორიულ კონსტანტინოპოლში მცხოვრები ქართველები თავს და თუ ახერხებენ ქართული საქმის კეთებას - ამის გასაგებად დავუკავშირდით ქალბატონს, რომელიც იქ უკვე 25 წელია, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

მელანია ბერაძე-თურქმენმა სტამბულში ქართული დახმარებისა და თანადგომის ასოციაცია „აისი“ დააარსა, არის ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი. თავის დროზე, საქართველოში სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ქუთაისის ტენიკური უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი დაამთავრა. სტამბულის აიდენ უნივერსიტეტში კი ფსიქოთერაპიის კურსი გაიარა და ხარისხი დაიცვა.

© photo: courtesy of Melani Turkmenმელანი თურქმენი მეგობართან ერთად
მერხის ქვეშ დამალული შვილი, ორ ქვეყანას შორის დარჩენა და  ქართული „აისი“ სტამბულში - Sputnik საქართველო
მელანი თურქმენი მეგობართან ერთად

-ქალბატონო მელანი, პირველად 90-იან წლებში აღმოჩნდით თურქეთში, მაშინ ეს დღევანდელივით ადვილი არ იყო...

-პირველად სტამბულში სამი წლის შვილთან ერთად 94 წელს ჩამოვედი და მაშინ თურქული საერთოდ არ ვიცოდი. მახსოვს ავტობუსი გაჩერდა და მძღოლი აყვირდა: ისტანბულ, ისტანბულ! და ჩვენც ჩამოვედით  ავტობუსიდან, რადგან გვეეგონა, რომ უკვე სტამბულში ვიყავით, თურმე სამსუნში ვიყავით და მერე სრულიად უცხო თურქმა ტაქსით დაგვაწია ავტობუსს. როცა სტამბულის უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი შვილს საერთო საცხოვრებელში დამლაგებელს ვუტოვებდი. ერთხელაც უნივერსიტეტში წავიყვანე და იძულებული ვიყავი ბავშვი მერხის ქვეშ დამემალა. ეს სახალისო ამბავი ყველას ახსოვს: ბოლო გაკვეთილი სიმღერის გვქონდა- თურქულ მარშს ვსწავლობდით. უცებ მერხის ქვემოდან გიორგი სიმღერას აჰყვა. ჩემს მასწავლებელს იმდენად მოეწონა ბავშვის ხმა, რომ გუნდში ჩასვა და მაშინ ჩვენმა მარშმა გაიმარჯვა.

-თქვენ სხვა რწმენის ადამიანზე ხართ გათხოვილი, იმ დროს ეს ალბათ ორივე თქვენგანისთვის უჩვეულო ამბავი იყო...

- დიახ, მუსლიმანურ ოჯახში ვარ გათხოვილი. რა თქმა უნდა არ იყო მარტივი უცხო ერის უცოლო მამაკაცზე დაქორწინება, როცა მე უკვე პირველი ქმრისგან შვილი მყავდა. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ ჩემი გათხოვების, მაგრამ ძმა ყოველთვის გვერდით მედგა. ვეცადე ჩავწვდომოდი თურქულ ტრადიციებს, მაგრამ ამავე დროს საკუთარი თავიც არ დამეკარდა. საერთოდ სიყვარულმა და რწმენამ გადამარჩინა. დღემდე დავდივარ ეკლესიაში სააღდგომო დღესასწაულებზე. ჩემს მეუღლეს უყვარს საქართველო, ქართველები და აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ჩემს სურვილებს და პატივს სცემს ტრადიციებს, რომელსაც მე ვიცავ. ადრე მახსოვს საპატიო სტუმარი გვესტუმრა ოჯახში და მან ბრძანების ტონით მითხრა: წმინდა მარიამის ხატი ჩამოიღე კედლიდან! გაოცებული ვუყურებდი მის სახეს და ბოლოს ვუპასუხე: შენ ამოიღე მარჯვენა თვალი და მაშინ მეც ჩამოვიღებ ხატს მეთქი. მას შემდეგ არც ის და არავინ შეხებია ჩემს რწმენას. მე და ჩემმა შვილმა ეკლიან-გვირილიანი დიდი გზა განვვლეთ. ჩემი სანათესაოდან ახლოს არავინ მყავდა და ერთმანეთს ვაძლიერებდით. დღეს ყველაფერი დალაგდა, უკვე 20 წელია დაოჯახებული ვარ. ბედნიერი ქალი და დედა ვარ.

© photo: courtesy of Melani Turkmenმელანი თურქმენი შვილებთან ერთად
მერხის ქვეშ დამალული შვილი, ორ ქვეყანას შორის დარჩენა და  ქართული „აისი“ სტამბულში - Sputnik საქართველო
მელანი თურქმენი შვილებთან ერთად

- ალბათ თქვენი ორგანიზაცია სტამბულში იმიტომ შექმენით, რომ იქ ჩასული ქართველებისთვის დახმარება აღმოგეჩინათ...

-  სულ ვნატრიბდი, რომ მქონოდა ასოციაცია - პატარა ქართული სახლი, სადაც ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვიმუშავებდი. აქვე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ თურქეთში ქართველები არ ვართ მარტო ქურდის, ნარკომანის და მოსამსახურის სტატუსით. არტ თერაპია ამ ყველაფრის სარკეა. „აისი“ ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის პატარა საქართველოა, ჩვენი სახლია, სადაც ყოველდღე მოდიან ქართველები. მათ  შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. „აისის“ დირექტორია ფსიქოლოგი, ბატონი გიორგი ჭანკვეტაძე. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება არტ-თერაპიას. ჩვენთან ხშირად იმართება პოეზიის საღამოები, გვაქვს ხატვის, კერვისა და ქარგვის კურსები. პირადად მე ვატარებ ფსიქოლოგიურ სემინარებს, რომელზეც დასწრება თავისუფალია. საქართველიდან ჩამოდიან საპატივცემულო სტუმრები, ამას წინათ ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბატონი თენგიზ გუმბერიძე გვყავდა. ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ. „აისის“ დაფუძნების დღეებში საქართველოდან ჩამოვიდა დათო სახამბერიძე, რომელსაც ფილტვის ოდინოკარცინომის დიაგნოზი ჰქონდა. მან ჩაიტარა მკურნალობის სრული კურსი თურქი ექიმის მეთვალყურებით. ახლახან ისევ ჩამოვიდა და საოცარი შედეგი აღმოაჩნდა. იგი განკურნებულია და ამჟამად რადიოთერაპიას გადის. „აისი“ ჯერ პატარაა, მხოლოდ ბავშვია ჯერ, მაგრამ მალე გავიზრდებით და ჩვენს სათქმელს კიდევ არა ერთხელ ვიტყვით.

© photo: courtesy of Melani Turkmenორგანიზაცია "აისი" და სტუმრები საქართველოდან
მერხის ქვეშ დამალული შვილი, ორ ქვეყანას შორის დარჩენა და  ქართული „აისი“ სტამბულში - Sputnik საქართველო
ორგანიზაცია "აისი" და სტუმრები საქართველოდან

არ მეგონა თუ ემიგრაციაში ასეთი გაუტანლობა იყო. აქ ვხედავ ადამიანების, ჩემი ქართველების სულიერ ტკივილს და გრძნობების გაღარიბებას. ღირსება დაკარგულ ადამიანებს ვხედავ. საოცარია ზოგიერთი მათგანი, ვისაც ხელს გაუწვდი დასახმარებლად - იმ ხელის მოკვეთას ცდილობს...

- იმერელ ქალბატონს რა გენატრებათ შორეულ სტამბულში?

- საქართველოდან წამოსვლის შემდეგ დაახლოებით სამშობლოში 15 წელი არ ვყოფილვარ. თუმცა ამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე დედის ავადმყოფობის გამო ყოველ აღდგომას ჩამოვდივარ. მშობლები სულ მენატრება. დამიბერდნენ მშობლები და მონატრებასთან ერთად მათზე დარდიც მემატება. იყო დრო, როცა მეჩვენებოდა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ვიყავი დარჩენილი. წარმოშობით იმერელი ვარ, ხარაგაულის რაიონიდან. საქართველოში ყველაფერი მენატრება: ეკლესიის ზარის ხმა, საკმეველის სურნელი. მიყვარს იმერული ხაჭაპური დაშემწვარი წიწილა ნივრით. ჩემი და საქართველოდან ეკალას, ჯონჯოლს დაკაკლის მურაბას სულ მიგზავნის. იმ დღეებში ბედნიერი ვარ, ყველაფერს ჩემი ნაცნობი სურნელი და გემო აქვს...

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0