თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი თათია თექთურმანიძე რუსეთის საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის ოფისი 2018"-ის ფინალში გავიდა.
ქართველი გოგონა, რომელიც საიუველირო ბრენდ „ზარაფხანის" კორპორატიული დეპარტამენტის მენეჯერად მუშაობს, 100 ფინალისტიდან ინტერნეტ-კენჭისყრის საფუძველზე შეარჩიეს.
ქართველი ლამაზმანი რუსეთში მონაწილეობს კონკურსში „მის ოფისი">>>
ფინალში თათია 30 სხვა კანდიდატთან ერთად გამარჯვებულის გვირგვინისა და ფულადი ჯილდოსთვის (ორი მილიონი რუბლი) იბრძოლებს.
„მე უფრო მსიამოვნებს, როცა მეუბნებიან, რომ კარგი ადამიანი ვარ, ვიდრე ის, რომ ლამაზი ვარ. სწორედ ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა შესაძლებელია მიზანდასახულობით და შეუპოვრობით და თუ რამეს ძალიან მოინდომებ, აუცილებლად ახდება", – განაცხადა თექთუმანიძემ.
ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, გოგონას ფინალისთვის სერიოზული მზადება ელოდება – სპორტული ვარჯიშები, შემოქმედებითი ნომრების რეპეტიციები, კოლექციის მორგება. 1 დეკემბერს მოსკოვის ახალგაზრდულ ცენტრში Планета КВН კონკურსის ფინალური შოუ გაიმართება, რომელზეც გამარჯვებული დასახელდება. ყველა მონაწილეს კონკურსის პარტნიორებისგან პრიზები ელოდება – მოგზაურობა, საიუველირო ნაკეთობები, გაჯეტები, კოსმეტიკური ნაკრებები, SPA-პროგრამები, ფიტნეს-აბონემენტები და სხვ.
კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ირინა ხაკამადას თავმჯდომარეობით. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და ტოპ-მენეჯერები, პოპულარული მსახიობები, დიზაინერები, სპორტსმენები, ბლოგერები და სხვა ცნობილი ადამიანები.
სილამაზის კონკურსს „მის ოფისი" ცხრა წლის ისტორია აქვს. ის უკვე გაიმართა რუსეთისა და ახლო საზღვარგარეთის 71 სუბიექტში. მასში მონაწილეობა მიღებული აქვს 80 000 ადამიანს, საიდანაც დაახლოებით 250 დაჯილდოვდა ფასიანი პრიზებით. ფინალურ შოუზე ელოდებიან 1000 სტუმარსა და ონლაინ-ტრანსლაციის 500 000-ზე მეტ მაყურებელს.