საქართველო მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

გამოწერა
მცხეთის სტუმრებს ელოდებათ მუსიკა, გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები და მზიანი ამინდი

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. 14 ოქტომბერს აღინიშნება დიდი რელიგიური დღესასწაული - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, რომელიც უკავშირდება ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა: დღესასწაულის პროგრამა >>

საზეიმო ღონისძიებები დილის 10 საათზე დაიწყება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვით, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.

თანდათანობით მცხეთა ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. სახალხო ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.

მორწმუნეები სვეტიცხოველში მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთაში გზების ნაწილი გადაიკეტება
ამ დღეს მცხეთაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, ასევე გაიმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ცალკე მოწყობილი იქნება საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე.

დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდება.

საზეიმო განწყობას ამინდიც ხელს შეუწყობს - კვირას მცხეთაში თბილი და ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

მცხეთაში წამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქალაქში გზების ნაწილი გადაიკეტება. 07:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან.

დედაქალაქი "თბილისობა 2018-ს" ზეიმობს >>

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

ყველა ახალი ამბავი
0