თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შრომითი, მუდმივი და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვების გაცემის წესების გამკაცრებას ეხება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონმდებლებს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზა, რომელიც პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობით" არის წარმოდგენილი.
ოპოზიციონერების აზრით, საქართველოში შრომითი ნებართვების გაცემა იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ საუბარი იმ „სპეციალურ ჩამონათვალში" შესულ პროფესიებს შეეხება, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და თუ დამსაქმებელი საქართველოში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირს ვერ იპოვის.
უცხოელებს ბინადრობის უფლების მისაღებად 100 ათასი დოლარის ქონების შეძენა მოუწევთ>>>
„ნაცმოძრაობის" ინიციატივის თანახმად, მკაცრდება ასევე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში 300 ათასი დოლარის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია, ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში.
დღეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეების მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს, ასევე უცხოელებს, რომლებიც დროებითი ბინადრობის უფლების საფუძველზე ქვეყანაში ბოლო ექვსი წელი ცხოვრობენ.
რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, კანონპროექტის თანახმად, მას ის უცხოელები მიიღებენ, რომლებმაც არანაკლებ 400 ათასი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები შეიძინეს ან 300 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნეს არანაკლებ 8 სამუშაო ადგილი.
ამ დროისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა საკმარისი.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მომზადების მიზეზი საქართველოს მოქალაქეებს შორის უმუშევრობა და საქართველოში მიგრაციის მაღალი დონეა.