„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა

© courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგი
ლამარა მირანგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რესპონდენტი, სხვებისგან განსხვავებით, ბავშვობიდან სულაც არ ხატავდა. მხატვრობაზე არც მოგვიანებით უფიქრია. ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიკოსის პროფესიას დაეუფლა და სკოლაში იმუშავა მასწავლებლად. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა მეორე უმაღლესი განათლება მიიღო კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალობით.

სწორედ მაშინ გაიხსნა მისთვის ხელოვნების კარი და ხატვის სწავლა 33 წლის ასაკში ფაქტობრივად ნულიდან, ფანქრით დაიწყო. ზეთის საღებავები პირველად ისე გამოიყენა, რომ ხატვის ტექნიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.

დღეს ნიჭიერი იეზიდი მხატვრის ლამარა მირანგის ულამაზეს შემოქმედებას უკვე ბევრი იცნობს.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგი კოლეგებთან ერთად
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგი კოლეგებთან ერთად

– ქალბატონო ლამარა, ხელოვანის ჩამოყალიბებაზე ძალიან მოქმედებს გარემო, სადაც ბავშვობას ატარებ. როგორი იყო თქვენი თბილისური ბავშვობა?

– მე აქ, მზიან, თბილ თბილისში, ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე. ოჯახში, სადაც სამი ბავშვი ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მშვიდი და მორცხვი ვიყავი სკოლაშიც და, საერთოდ, სახლის გარეთ. არ შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვანთა გარემოში ვიზრდებოდი, არასოდეს მიტაცებდა ხატვა. უფრო მეტიც, ყოველთვის მჯეროდა, რომ ხატვა არ მეხერხებოდა. არც მიცდია. თუ სკოლაში მავალებდნენ, რომ რაიმე დამეხატა, დას ვთხოვდი ჩემ მაგივრად გარჯილიყო. ბავშვობიდანაც ცოტა რამ მახსოვს, ყველაზე თბილად ოქროყანაში გატარებული ზაფხულის არდადეგები მახსენდება, ბებია და ბაბუა, შაქარმოყრილი კარაქიანი ბუტერბროდით ხელში ფეხშიშველი სირბილი. ამ ზაფხულებმა მარტოობა და სიმშვიდე შემაყვარა, მასწავლა ბუნების წიაღის აღქმა და სიყვარული.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– ორი უმაღლესი გაქვთ დამთავრებული და არც ერთი არ იყო სამხატვრო აკადემია. როდის გაიღვიძა თქვენში მხატვარმა?

– სკოლასა და ინსტიტუტში კარგად ვსწავლობდი. გულწრფელად ვამბობ, რომ ამას მხოლოდ მშობლების გასახარად ვაკეთებდი. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, განათლებით ქიმიკოსი ვარ. უმაღლესის დამთავრების შემდეგ ვასწავლიდი ქიმიას სკოლაში, მაგრამ სკოლაში მუშაობა არ იყო ჩემი საქმე. საკუთარ თავს იქ ვერ ვპოულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მიყვარს. შინაგანად ყოველთვის რაღაც ახალს, ჩემთვის საინტერესოს ვეძებდი. მოგვიანებით ჰომეოპატ გია ნადარეიშვილთან მანუალური თერაპიის კურსები გავიარე. ერთ-ერთ ლექციაზე, რომელიც ჰიპნოზს ეძღვნებოდა, მოსწავლეებს თითქოს ჰიპნოზურ ტრანსში გვაგდებდნენ. მაშინ მითხრა გიამ, რომ მე შემეძლო მხატვარი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მაშინ სერიოზულად არ აღმიქვამს და ამიტომ მისთვის არც ის მიკითხავს, რატომ შემეძლო მხატვარი ვყოფილიყავი.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– ანუ იმ მომენტისთვის თქვენში ეს ნიჭი დაფარული იყო. რეალურად ვინ დაგარწმუნათ, რომ თქვენში მხატვარს სძინავს?

– 2002 წელს, როცა კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის პედაგოგის სპეციალობით მეორე უმაღლესი დავამთავრე, გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი, როგორც ხელოვანის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. ესაა ირინა სოკოლოვა, კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალისტი. სწორედ მან ჩამინერგა რწმენა, რომ მე ხატვა შემეძლო. ამ ქალბატონმა იმედი გამიღვიძა და ხელოვნების მშვენიერი სამყაროს კარი შემიღო. ჩემი მხატვრად ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯების გზაზე შეტანილი წვლილისთვის მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები...

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– როდის გახდით კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი?

– კომპიუტერულ გრაფიკაში 2003 წლიდან ვმუშაობ. მომდევნო ათი წლის მანძილზე 3D გრაფიკასა და ანიმაციას Art-Max-ის სტუდიაში ვასწავლიდი. სწორედ აქ გავიცანი ხელოვანი ადამიანები, ცნობილი ქართველი მხატვრები თუ არქიტექტორები. მივხვდი, რომ თუ მსურდა ჩემ საქმიანობაში პროფესიონალად შევმდგარიყავი, ხატვა უნდა დამეწყო.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– ხატვა 33 წლის ასაკში დაგიწყიათ. თემები, რაც თქვენ პირველ ნახატებში გაჩნდა, იყო თუ არა მანამდე განცდილი და დალექილი ამბების ასახვა?

– 2005 წელს 33 წლის ასაკში ხატვა ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე, ფანქრით ხელში. თავდაპირველად ვხატავდი ნახშირით, აკვარელით, ვცდილობდი, უბრალოდ ვიზუალური სიზუსტისათვის მიმეღწია. ამას მაინც და მაინც სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, არასოდეს მეგონა, რომ ხატვა, მხატვრობა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდებოდა. ახლა მესმის, რომ ნახატი, პირველ რიგში, მხატვრული სახის მეტყველებაა, ამიტომ უაზრობაა საგნის მხოლოდ ზუსტი გადმოტანის შესწავლა. 2015 წელს პირველად მოვსინჯე ზეთის საღებავები, თუმცა მანამდე ამ ტექნიკის არაფერი გამეგებოდა. ისე კი ყოველთვის მიზიდავდა ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოები, მინდოდა მეც მესინჯა, მაგრამ დაწყება მიჭირდა. თავში ათასგვარი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ შიშიც მქონდა. დიდი დრო დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი. ხატვას სხვადასხვა მხატვრების გაკვეთილებიდან ვსწავლობდი.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– შიში და გაუბედაობა ახსენეთ, ზეთში პირველი ნამუშევრის იმპულსი რა გახდა?

– პირველი ჩემი ნამუშევარი ზაფხულის პეიზაჟი იყო, ათასგვარი კაშკაშა ფერებით სავსე, რაც ძალიან მიყვარს. ვიდექი თეთრი ტილოს წინ და შიში არ მტოვებდა, მაგრამ როცა ფერების შერევა დავიწყე, ყველაფერი დამავიწყდა. მთლიანად შევედი შემოქმედებით პროცესში. იმასაც ვხედავდი, რომ რაღაც გამომდიოდა და ეს მაღელვებდა. ბედნიერებას მანიჭებდა განცდა, რომ ვქმნიდი და შემეძლო სილამაზე შემექმნა... ერთ ნამუშევარს ორიდან ოთხ კვირამდე ვანდომებ, ხანდახან მეტსაც. ამ დროს ჩემი ნამუშევარი თითქოს წუთითაც არ მანებებს თავს, მაშინაც კი, როცა ვიძინებ. ვხატავ სრულ სიმარტოვეში. როცა ნახატს ვასრულებ, სიხარულით „ვუშვებ“, ისე, როგორც გაზრდილ "ბავშვს", და ის უკვე თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. უფრო მეტიც, მერე ახალს ვიწყებ. როცა ნახატს ვქმნი, მასში სულს ვდებ, ენერგეტიკას ვაძლევ. ემოციის გამოხატვა – ესაა ჩემი ნამუშევრების სტილი.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– თქვენი შემოქმედებისთვის მთავარი მაინც პორტრეტებია...

– დიახ, ადამიანი მთავარი თემაა ჩემთვის. ეს ხომ შესაძლებლობაა – გამომსახველობითი საშუალებებით ტილოზე ადამიანის რთული, დახვეწილი სულიერი წყობა გადმოიტანო. მე მიყვარს ადამიანები, სწორედ ისინი მაძლევენ შემოქმედებით სტიმულს. მათ ვხატავ ცეკვის, თამაშის პროცესში, მომწონს ჟანრობრივი სცენები. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ვცდილობ, რომ ადამიანებში მხოლოდ კარგი, ნათელი, თბილი მხარე დავინახო. ჩემ პალიტრაზეც ცოცხალი, თბილი, ნათელი ფერებია. იშვიათად, თითქმის არ ვხატავ ტრაგიკულ, ნაღვლიან სურათებს. თუმცა, რა თქმა უნდა, იეზიდთა დევნის თემამ შანგალში ვერ დამტოვა გულგრილი. მტკივა ჩემი ერის ტრაგედია, ამიტომ რამდენიმე ნახატი ამ თემაზე შევქმენი, ისინი მივუძღვენი იეზიდ პატარებს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის საშინელების ტრაგედია. თუმცა, აქაც პატარები მხიარულ, ნათელ ფერებშია წარმოდგენილი. ამით ვეცადე იმედი გამომეხატა, იმედი იმისა, რომ მათთვისაც დადგება ბედნიერი მომავალი, ომისა და ტკივილის გარეშე.

© photo: courtesy of Lamara Miranghiლამარა მირანგის შემოქმედება
„შაქარმოყრილი“ თბილისური ბავშვობა და 33 წლის ასაკში დაწყებული ხატვა - Sputnik საქართველო
ლამარა მირანგის შემოქმედება

– როდის იხილა თქვენმა ნამუშევრებმა დღის შუქი, ანუ პირველად ხალხის სამსჯავროზე როდის გამოიტანეთ ისინი?

– ცნობილ ქურთ მხატვართან, ქალბატონ ბასე ჯაფაროვასთან ჩემ გაცნობას, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბედნიერი შემთხვევა ეწოდოს. ერთმანეთი გავიცანით, როცა ქურთული კულტურისადმი მიძღვნილ საიტს ვმართავდი. მისგან ინტერვიუ ავიღე და ამის შემდეგ ვმეგობრობთ. ბასეს რჩევები ფერწერაში დამეხმარა. 2015 წლის მარტში პირველად გამოვფინე ჩემი ნახატები ბასე ჯაფაროვას ნახატებთან ერთად. პირველი შთაბეჭდილება აღფრთოვანების განცდაა, როცა ხედავ როგორ ათვალიერებენ შენ ნაღვაწს დამსახურებული ხელოვანები და ჟურნალისტები. პირველი ინტერვიუ, პირველი გადაღება, პირველი სტატია შენი შემოქმედების შესახებ – ეს ენით აუწერელი გრძნობაა, იმიტომ რომ აცნობიერებ – ფუჭად არ გიშრომია და ადამიანებს მოსწონთ ის, რაც გააკეთე. ამის შეგრძნებამ და ემოციურმა იმპულსმა მეტი შემოქმედებითი შრომის სურვილი გამიღვიძა. მიბიძგა იმისკენ, რომ უფრო უკეთ ვიმუშაო, არასოდეს შევჩერდე მიღწეულზე. ახლა ამ ეტაპზეც არ ვთვლი, რომ პროფესიონალი ვარ და ისევ ტექნიკის, სტილის და მხატვრული მიმართულების ძიების პროცესში ვიმყოფები. მადლობელი ვარ ახლობლების, იმ ხალხის, ვინც მხარს მიჭერს, სტიმულს მაძლევს შემოქმედებით წვაში და ვისაც ვუყვარვარ...

 

ყველა ახალი ამბავი
0