თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა, განაცხადა მოკლულის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.
ნაცვლიშვილი 22 თებერვალს, გამთენიისას თემქის დასახლებაში საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას დანით მიყენებული შვიდი ჭრილობა ჰქონდა. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან ღამით სატელეფონო ზარის შემდეგ საშინაო ტანსაცმლით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მოკლულს ხვდებოდა.
„ლადო გრიგალაშვილის მამა დღესაც მუშაობს უწყებაში, კერძოდ, საპატრულო პოლიციაში. მას არ აქვს ამის მორალური უფლება. ის არის მეტროს პატრული. მას ევალება მხოლოდ ჯიბეზე ყურება – ხომ არ აქვს მოქალაქეს რაიმე უკანონო ნივთი. თუ დანა გაქვს ჯიბეში, დაგაჯარიმებენ დანის ტარების გამო. მას არ აქვს მორალური უფლება, ვინმე დააჯარიმოს დანის ტარების გამო, რადგან მისმა შვილმა 25-სანტიმეტრიანი დანა იხმარა. ვითხოვ მის გათავისუფლებას სამსახურიდან", – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილი იმედს გამთქვამს, რომ მინისტრი გახარია მის თხოვნას დააკმაყოფილებს.
„მინისტრმა გულდასმით და ყურადღებით მომისმინა და შემპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა და, იმედია, საჩემოდ გაერკვევა. საკმაოდ გულისხმიერი კაცი ყოფილა ბატონი მინისტრი", – აღნიშნა მან.
გრიგალაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლით ("განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში") აღიძრა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული ამ დროისთვის საბოლოო განაჩენს გისოსებს მიღმა ელოდება.