როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვს ბაღთან შეგუება უჭირს? ამაზე მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.
სანამ სასწავლო წელი დაიწყება
ადაპტაცია ახალ გარემოსთან, ახალ ადამიანებთან ზოგჯერ ისეთი დიდი პრობლემაა, რომ ბავშვის ცრემლებით, ქცევის დარღვევებით და, ბოლოს, საბავშვო ბაღზე საბოლოოდ უარის თქმით სრულდება. მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ ადაპტაციის პროცესი სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს.
ადაპტაცია, უმჯობესია, დიდი ხნით ადრე დაიწყოთ. ხშირად მოუყევით ბავშვს, რომ ის მალე საბავშვო ბაღში წავა, სადაც მასწავლებელი და ბევრი ახალი მეგობარი ეყოლება, სადაც ახალი სათამაშოები, გართობა და მხიარულება ელოდება. დაანახეთ საბავშვო ბაღი საუკეთესო კუთხით.
სასწავლო წლის დაწყებამდე ესტუმრეთ საბავშვო ბაღს. ერთად დაათვალიერეთ ის ოთახი, სადაც მას ყოფნა მოუწევს. შეხვდით მასწავლებელს, გაასეირნეთ ბავშვი საბავშვო ბაღის ეზოში.
პირველი დღე ბაღში
შეეცადეთ დილიდან მხიარული განწყობა შეუქმნათ პატარას, აქციეთ ეს დღე საზეიმოდ, ამისათვის ამაღლებული განწყობა, ახალი სამოსი და მცირე საჩუქარიც დაგეხმარებათ.
საბავშვო ბაღში მისვლისას კიდევ ერთხელ წარუდგინეთ მასწავლებელი და აღსაზრდელი ერთმანეთს. შეეცადეთ ბავშვმა იგრძნოს, რომ მასწავლებელი თქვენთვის ახლობელი და სანდო ადამიანია.
პირველ დღეებში ნუ დატოვებთ ბაღში მთელი დღის მანძილზე, დაყოვნების დრო თანდათან გაზარდეთ.
გამომშვიდობება არ უნდა იყოს ხანგრძლივი. ამან შესაძლებელია კიდევ უფრო გააღიზიანოს ბავშვი. დაემშვიდობეთ მოკლედ და გულთბილად და დაპირდით, რომ სულ მალე მიაკითხავთ.
სახლში დაბრუნებისას აუცილებლად მოაყოლეთ შთაბეჭდილებები და შექება არ დაგავიწყდეთ.
პატარების დიდი ნაწილი 2-3 კვირაში ადაპტაციის პროცესს წარმატებით გადის, მაგრამ თუ ხვდებით, რომ ეს პროცესი გაჭიანურდა, ეწვიეთ ბავშვთა ფსიქოლოგს. ერთად დაგეგმეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ადაპტაციის პროცესის გაიოლებაში დაგეხმარებათ.