თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, დეპუტატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
ეთიკის კოდექსი ხელოწერილია – კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს>>>
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვებისთვის კანდიდატს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება.
„ყველა პარტია საკუთარ შიდა კვლევებს ატარებს. ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები და სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით მე დღეს განვაცხადე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს, რაც, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენგანისთვის სიურპრიზს არ წარმოადგენს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება ამ არჩევნებში მეორე ადგილიც კი ვერ დაიკავოს. ესაა დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ჩვენი კვლევები ადასტურებს", – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია, სალომე ზურაბიშვილის მთავარი კონკურენტია. ზურაბიშვილს არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც შიდა კვლევებს აქვეყნებს.
„როდესაც პარტია შიდა კვლევებს ატარებს - ეს პარტიის კვლევაა და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მისი წარდგენა ნიშნავს, რომ შენ შიდა სამზარეულო გამოგაქვს გარეთ, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, შიდა კვლევებისადმი ნდობა მაღალი ვერ იქნება. ამიტომაც Edison Research-ის კვლევას მაღალი ნდობა არ აქვს, რამდენადაც ყველამ იცის, რომ იგი „ნაცმოძრაობის" კვლევაა", – აღნიშნა კობახიძემ.
ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა გამოკითხვა ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის თანახმად, პირველ ადგილზეა ვაშაძე, მეორე ადგილზე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.
„ეს კვლევები იმისთვის ტარდება, რომ სწორად დაიგეგმოს საარჩევნო კამპანია, სწორად გაკეთდეს საჯარო განცხადებები. ჩვენ ვიცით რა შედეგსაც ველოდებით ამ არჩევნებზე", – აღნიშნა კობახიძემ.
Rustavi2-ის გარდა, წინასაარჩევნო კვლევები დაუკვეთა "ევროპულმა საქართველომაც". გამოკითხვა ქართულმა კომპანია BCG Research-მა ჩაატარა.