თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს - 1978 წელს დაბადებულ ს.გ.-ს ცივი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, -აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.