თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლებსგივი ჯიბლაძესა და თორნიკე ჯანელიძეს, რომელთაც ბრალად ედებათ მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისება. იტყობინება სასამართლოს ვებგვერდი.
ჯიბლაძე და ჯანელიძე ოთხშაბათს დააკავეს. ამას წინ უძღოდა მენაშენეთა ერთობლივი განცხადება, რომლითღაც მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართეს 2018 წლის მაისში. მენაშენეები ამტკიცებენ, რომ გადასცეს კომპაია „სვეტს“ თანხები თბილისის ცენტრში ბინების მშენებლობისათვის, თუმცა კომპანიას ვალდებულება არ შეუსრულებია.
მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი ქალაქ თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე უნდა აშენებულიყო. ბრალდებულებმა მოქალაქეებთან გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წინარე ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეებს, თითქოსდა საცხოვრებელ ფართებზე, მომავალში საკუთრების უფლება გადაეცათ, ჯამში 4373 კვ.მ. ფართი და მის სანაცვლოდ ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მენაშენეთა თანხებს, ჯამში 1 639 099 აშშ. დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
სასამართლოზე ბრალდულებმა თავდებით გათავისუფლება მოითხოვეს. ჯიბლაძის თქმით, მანამ, სანამ მის ქონებს ყადაღა დაედებოდა, მისი კომპანია დაზარალებულებს თანხას უბრუნებდა.
თავის მხრივ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ორივე თანამშრომლობს გამოძიებასთან და მათი დაკავებისათვის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებულობა, განგრძობადობა, შესაძლო ზიანი, გამოძიების ეტაპი და მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებისა და განადგურების ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნის მიღწევა, მხოლოდ პატიმრობის გამოყენებითაა შესაძლებელი.