თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) 74 მლნ ევროს თანხაზე საკრედიტო შეთანხმებებს მოაწერა ხელი. თანხა ენერგეტიკის სფეროსა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას მოხმარდება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.
„აღნიშნული შეთანხმებები იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ენერგეტიკულ სფეროში განვითარებასა და რეფორმებს. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ და რეფორმები განვახორციელოთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ქართული ენერგეტიკა ყველაზე პოპულარული დარგია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. 2018 წლის პირველ ორ კვარტალი ამ სფეროში ჩაიდო 174,9 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები.