„ფრეშ ფრუთი“ არის ადგილი, სადაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებს, დღეებს გაგიფერადებენ და დაუვიწყარ მოგონებად აქცევენ. ნატალია და ლიდია „ფრეშ ფრუთის“ შესახებ გვესაუბრნენ.
– რა არის „ფრეშ ფრუთი“ და რას სთავაზობს ადამიანებს?
ლიდია
– „ფრეშ ფრუთი“ ეს არის ონლაინ–მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს თაიგულების ფართო არჩევანს. შეთავაზებაში გვაქვს როგორც ხილის, ასევე ტკბილეულისა და ყვავილის თაიგულები. ჩვენთან შესაძლებელია თაიგული შეიქმნას მომხმარებლის გემოვნებით. კომბინაციები სხვადასხვანაირია, მაგალითად, ხილი და ყვავილი, ყვავილი და ტკბილეული, ტკბილეული და ხილი და ა.შ. ვცდილობთ მაქსიმალურად კრეატიულები ვიყოთ და ადამიანებს შევთავაზოთ რაღაც ახალი და განსხვავებული პროდუქტი.
– ვის ეკუთვნის „ფრეშ ფრუთის“ შექმნის იდეა?
ნატალია
– ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვართ ორი მეგობარი, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ყველგან და ყოველთვის ერთად ვიყავით, ჭირშიც და ლხინშიც. მთელი ბავშვობა ვფიქრობდით, რომ მომავალში შეგვექმნა რაღაც ისეთი, რასაც ერთად გავუძღვებოდით. ახლა კი, როცა უკვე „გავიზარდეთ“, აქტიური ფიქრი დავიწყეთ იმის თაობაზე, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. გვინდოდა ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა რაღაც ახალი, კრეატიული, გემოვნებიანი და გამორჩეული. ყოველდღიურად ვხვდებოდით ერთმანეთს და ვფიქრობდით ამ თემაზე. ერთ დღეს ჩვენს ერთ საერთო მეგობარს ჰქონდა დაბადების დღე და გვინდოდა მისთვის რაიმე არაორდინალური საჩუქარი გაგვეკეთებინა. მოგვივიდა იდეა, აგვეწყო თაიგული მარწყვისგან. ძალიან ლამაზი გამოგვივიდა. შემდეგ ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა ამ ლამაზი ხილისგან ლამაზი თაიგულები შეგვექმნა და ეს ყველაფერი ბიზნესად გვექცია. დავიწყეთ ინტერნეტში ძიება და აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ქვეყნებში ადამიანებს უკვე სთავაზობდნენ მსგავს მომსახურებას. ვათვალიერებდით ფოტოებს, ვუყურებდით ვიდეოებს... საბოლოოდ ხორცი შევასხით ამ იდეას და შევქმენით კომპანია „Fresh Fruit • ფრეშ ფრუთი“.
– გაქვთ სრულიად განსხვავებული პროფესია, როგორ უთავსებთ სხვადასხვა საქმეს ერთმანეთს?
– ჩვენ ვართ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. ამის გარდა გავდივართ სადიზაინერო კურსებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები განვავითაროთ, ვესწრებით სხვადასხვა ტრენინგებს, დიდ დროს ვუთმობთ ასევე მომსახურების სფეროს შესწავლას, თავისუფალ დროს ვვარჯიშობთ და ვცდილობს ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით. ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
– მანამდე გქონდათ დიზაინის სფეროში რაიმე გამოცდილება?
ლიდია
– დიზაინის სფერო ბავშვობიდან გვაინტერესებს. როგორც აღვნიშნე, გავდივართ კონკრეტულ კურსებს ამ მიმართულებით. ასევე ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს მოძიებული და პრაქტიკაში გადმოტანილი. თუ როგორ ვქმნით თაიგულებს, სიტყვიერად ამის გადმოცემა ძნელია, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ძალიან შრომატევადი პროცესია და ასევე საკმაოდ დიდ დროსაც მოითხოვს.
– გაიხსენეთ ყველაზე საოცარი ემოცია, ამბავი, რაც „ფრეშ ფრუთს“ უკავშირდება.
ნატალია
– ყველაზე საოცარი ემოცია? ჩვენ როდესაც ამ იდეის განხორციელება გადავწყვიტეთ, თავიდან შორენა ბეგაშვილი დაგვეხმარა გვერდის გაპიარებაში. როდესაც მან პირველი ფოტო ატვირთა, იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ჩვენში საოცრად დიდი ემოცია გამოიწვია.
ჩვენთვის ყველა თაიგული გრანდიოზულია, რადგან თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა და ემოცია აქვს. ჩვენ თაიგულებს ძალიან ბევრი წყვილი შეურიგებია.
– ქართულ ბაზარზე კონკურენტი გყავთ?
ლიდია
– იმ დროისთვის, როდესაც ეს საქმე წამოვიწყეთ, ქართულ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავდა, თუმცა დღეის მდგომარეობით უკვე გამოჩნდა ისეთი ფეიჯები, რომლებმაც დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა და მსგავსი თაიგულების საკუთარ გვერდზე განთავსება.
– ძვირი სიამოვნებაა „ფრეშ ფრუთის“ მომსახურება?
– ვფიქრობ, არა. ვცდილობთ საზოგადოების ყველა ფენაზე მორგებული ფასები გვქონდეს.
– ქალები თუ უკეთებენ მამაკაცებს „ფრეშ ფრუთში“ საჩუქრებს და მამაკაცის თაიგულები როგორია?
ნატალია
– დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ქალბატონი გვიკვეთავს თაიგულებს საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად. მამაკაცის თაიგულები ძირითადად შედგება ალკოჰოლური სასმელის, თევზის, ძეხვისა და ყველის ასორტისგან.
– სამომავლოდ რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
– სამომავლოდ გვაქვს ძალიან ბევრი ახალი იდეა, ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, აქციებს და წამახალისებელ გათამაშებებს, მაგრამ, მოდით, ეს ყველაფერი სიურპრიზად დავტოვოთ.