დღეიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის გარეშე მოძრაობა ეკრძალათ

გამოწერა
ამ დროისთვის ლიცენზია 10,6 ათასზე მეტმა მძღოლმა აიღო.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება და ლიცენზიის არქონის შემთხვევაში მომუშავე მძღოლები 200 ლარით დაჯარიმდებიან.

თბილისში ლიცენზირებულ ტაქსებს უფასო პარკინგი ექნებათ>>>

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისის მერიას ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით საინტერესო გეგმა აქვს

ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღებას გულისხმობს, 2018 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო, რეგულაცია კი დღეიდან, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლი ვალდებულია დოკუმენტი ავტომობილის სალონში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსოს და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. რეგისტრაციის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში კი ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ჯგუფები არიან.

ამ დროისთვის ლიცენზია 10,6 ათასზე მეტმა მძღოლმა აიღო.

სპეციალური ნებართვის აღება ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ და მისი ღირებულება100 ლარს შეადგენს (ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში რეგისტრაცია 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა).

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებ-გვერდზე (taxi.tbilisi.gov.ge), სადაც მოცემულია სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ნებართვის მაძიებელი ავსებს. ასევე, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ გამგეობებს და იუსტიციის სახლს, სადაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

ტაქსი - Sputnik საქართველო
თბილისში შეიძლება ტაქსი გაძვირდეს

რეფორმის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები.

კერძოდ, რეგისტრაციის გავლას მომავალი წლიდან მხოლოდ თეთრი ავტომობილები შეძლებენ. ლიცენზიის გარეშე დარჩებიან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. თუმცა, ის ავტომობილები, რომელთა საჭე უკვე გადატანილია ყველა წესის დაცვით, საჭირო ნებართვას მიიღებენ. მსგავსი წესები გავრცელდება ბუნებრივ აირზე გადაყვანილ ავტომობილებზეც. კერძოდ, მომდევნო წლისთვის მსგავსი ავტომობილის დარეგისტრირებისას საჭირო გახდება სპეციალურად აკრედიტებულ ცენტრებში ავტომობილის შემოწმება და საბუთის აღება, რომელიც დაადასტურებს, რომ ავტომობილში დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის უსაფრთხო და შეესაბამება სტანდარტს.

ცნობილია, რომ თბილისის მერია ლიცენზირებული ტაქსებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფას გეგმავს, სადაც ისინი პარკირებას უფასოდ შეძლებენ. ტაქსის მძღოლები შეძლებენ მანქანაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავალი მათ დარჩებათ. ისინი აგრეთვე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე, თბილისის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის ტაქსის მანათობელის უფასოდ დარიგების შესახებ, თუმცა, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში მისი შეძენა მძღოლს უკვე თავად მოუწევს. მანათობელის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0