გენრი დოლიძე - ლექსებს ათი წლიდან წერს, დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. მისი პირველი კრებული „მთვრალი დაისი” 2007 წელს გამოიცა, არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”. რამდენიმე ნომინირებული ლექსისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პირველი პრემია მიანიჭეს, დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით. ერთი პერიოდი გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი გახლდათ. დღემდე აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში და მისი ლექსები ოთხ ენაზეა თარგმნილი.
-ბატონო გენრი, ათი წლიდან დაგიწყიათ ლექსების წერა. რა გახდა ამის იმპულსი თუ გახსოვთ და რა დარჩა იმ ათი წლის ბიჭიდან თქვენში?
- ის რაც ათი წლის ასაკში იწერებოდა, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ნამდვილ პოეზიასთან. ზუსტად არ ვიცი რატომ დავწერე პირველი ლექსი, მაშინ ალბათ ხიბლი ჰქონდა პოეტობას და ვცდილობდი, რომ მეწერა... ახლა პირიქითაა, განხიბლული ვარ ყველაფერ იმისგან, რასაც პოეტის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს საზოგადოება, არ მინდა და ძალით "მეწერება". იმ ათი წლის ბიჭიდან ჩემში დარჩა სულ მცირე რწმენა იმისა, რომ რაღაცას შევცვლი ამ სამყაროში უკეთესობისკენ...
-საქართველოში, როცა ყოველი მეოთხე ლექსებს წერს - რა უნდა გამოარჩევდეს ნამდვილ პოეტს გრაფომანისგან?
- ჯემალ ინჯიას სტრიქონი გამახსენდა "ფიჭას კრაზანაც აკეთებს, მაგრამ შიგ ვერ იპოვი თაფლის ნატამალს"... გრაფომანებისგან ნამდვილ პოეტს გამოარჩევს ნიჭი იმისა, რომ სათქმელი ახლებურად და თავისებურად, განსხვავებულად გადმოსცეს. მთავარი ის კი არ არის- რას ამბობ, მთავარია, როგორ ამბობ...
-იერუსალიმის პატრიარქის მედალი როდის გადმოგცეს?
-როდესაც რუსთაველისა და ბარათაშვილის პრემიის ლაურეატები ისრაელში ვიმყოფებოდით ქართული ლიტერატურის დეკადის ფარგლებში, დელეგაციის წევრი-ავტორები იერუსალიმის პატრიარქმა დაგვაჯილდოვა. უფრო სწორად რომ ვთქვა, ჩვენი სახით ქართული მწერლობა დააჯილდოვა, ქრისტიანული აზროვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
-თქვენი ლექსები ოთხ ენაზეა თარგმნილი-უცხოელი მკითხველის აზრი თუ არის თქვენთვის ცნობილი?
- ჩემი შემოქმედების ძალიან მწირი ნაწილია ნათარგმნი. საერთაშორისო კონფერენციებზე მომისმენია, ძირითადად, კოლეგების შეფასებები... ჩემდა გასაკვირად, მათ ხშირად მოსწონებიათ ისეთი ლექსები, რომლებიც სულაც არ გადმოსცემენ გლობალურ სათქმელს. თუმცა ალბათ ასეც უნდა იყოს, მათ აინტერესებთ მე ვინ ვარ, მე რას ვიტყვი, როგორ აღვიქვამ სამყაროს და არა კანტისა და ფროიდის ჩემეული ინტერპრეტაციები.
-თქვენი ლექსის ყველაზე უჩვეულო შეფასება- ან მისგან გამოწვეული რეაქცია თუ გახსენდებათ?
-ერთი ემოციური მეგობარი მყავს, მერაბ კვიცარიძე, ჩემი ლექსი "შავლეგო" რომ წაიკითხა, წნევამ აუწია, გავიდა მეორე ოთახში, სანადირო თოფი გამომიტანა და მითხრა: ბარემ მომკალი ამ ლექსებით ნაწილ-ნაწილ რომ მიხეთქავ გულსო...
-ვინ არის დღევანდელი დღის გმირი?
-გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჩვენს შორის დადიან, ავტობუსით მგზავრობენ, სწრაფ კვებაში ფენოვანებს მიირთმევენ, ჩვენ კი მათ წიგნებსა და ლეგენდებში ვეძებთ... უცებ შევიტყობთ, რომ ჩვენი "ბირჟავიკი" მეზობელი, რომელსაც სალამი გავუძვირეთ, ხელყუმბარას გადაეფარა მეგობრების გადასარჩენად... გმირია ყველა ემიგრანტი დედა, ყველა მეზღვაური მამა...
-გაიხსენეთ ლექსი, რომელიც უჩვეულო გარემოში დაწერეთ ან მისი დაწერის წინაპირობა იყო ასეთი?
-წლევანდელი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სამი თვე ვემზადებოდი სოფელში სამდღიანი შვებულების გასატარებლად. დღეებს ვითვლიდი, წლებია უკვე არ მიხერხდება იქ დასასვენებლად ჩასვლა და წინასწარ ვზეიმობდი რუტინაზე გამარჯვებას, თუმცა ძალიან ბანალური მიზეზის გამო (პარკირებულ მანქანაზე უკუსვლით დამეჯახა დაუდევარი ქალბატონი) ის სამი ნანატრი დღე პროფილაქტიკაში გავატარე. საღამოს, გამწარებულმა, ავტოსახელოსნოში დავწერე ეს ლექსი და ბედნიერი ვიყავი, რომ ნანატრ ადგილებში ასე მაინც ვიმოგზაურე. ამ ლექსს სოფლად აქა-იქ შემორჩენილ უკანასკნელ მოჰიკანებს ვუძღვნი.
„აქ რომ კუნძი დგას - ხე იდგა,
აქ რომ კედელი -ფერმა...
ამ სასაფლაოს ადგილზე -საპაემანო ბორცვი.
შენი ჩამოსვლით, ნენილო, თავი აწია ჭერმა,
შენა ხარ ჩემი სიბერის ღვთის შესმენილი ლოცვა...
თუ ჩემი ბებიელე ხარ დარჩი პაწახან ჩემსას,
ჩემო კერიის ღადარო, ჩემო ჭერო და ერდო...
რძეში ჭადს ჩამიფუნჩხავდა, პურს გატეხავდა ხემსად,
ბუხართან ერთად წასვლამდე მისი თვალებიც ენთო...
მოგვაცილებდა ათასი "შინ დალოცვილი ჩადიო"
ამანათები, ნობათი, კაეშანი და ბრაზი...
მე დღემდე ვუსმენ იმ დროის მეხსიერების რადიოს,
ბავშვობის ფირზე აღბეჭდილ სოფლის ხმებსა და ფრაზებს:
"მაროჟნის" მატოციკლეტით გაგიფრინდება ბავშვობა..."
"ებიჯო ნუ პრაფესორობ, გაი ჭიშკართან დახვდი,"
"რა უბედური ყბაი აქვს, ერთს იტყვის მარა დაგშოკავს,"
"დემოგრაფიის მტერია შენი ნამგზითვი ტახტი!.."
"რომ ჩახვალ ამომიტანე რამე ახალი გაზეთი,"
"რავა შარშანდელ "პრავდაში" ვერ გაახოვდი თუთუნს?"
"სა ნახე კობა ბიძია მა ოღრაშული კასეტა?"
"ადნაჟდი ამერიკაში" უზდელობაა? ნუთუ?!"...
"რაის ფულს მკადრებ ბაბუა?
ბაბუაშენის ბაბუა...
ბებიაჩემის ბაბუის... მოკლედ ერთი ვართ ყველა..."
"სოფლის მაწონში თუ მოვზელ, აღარ ვუმატებ საფუარს,
და ფირმის დიდი სეკრეტი! -ჩემი კასანდრეს ყველი"
აქ იდგა უნივერმაღი, აქ გვიჩრდილავდა კაკლის რტო,
აქ ავტობუსი შეკრებდა ათასი კომლის ნაგრამს...
აქ იდგა ხე და ბებია მანდილს უქნევდა აგვისტოს...
ბოლოფოთლიან ტოტს ჰგავდა, სიმებდაწყვეტილ საკრავს.
სიბერესავით მძიმე და ბავშვობასავით მსუბუქი
ხელისგულივით ნაცნობი გზები ამბებად ყოფენ...
სამი "მობრძანდის" იმედად ,
ორი მოსწავლის იმედად,
თავისი თავის იმედად,
მარტოდ დარჩენილ სოფელს.
- და მაინც, რა არის პოეტ გენრი დოლიძის ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარული?
-ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება საყვარელი ოჯახის გარდა არის მომენტი, როცა ხევსურეთის, კახეთის ან აჭარის სოფელში ადგილობრივი მკითხველი, თავისებური, კოხტა კილო-კავითა და აქცენტით, გლეხური სისადავითა და ლაზათით წაკითხული ჩემი ლექსით ცდილობს გამახაროს. ტკივილს რაც შეეხება, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია ის, რომ ჩემი სამშობლო 25 წელია სახელმწიფოდ ვერ შედგა და ჩემი მშობელი 3000 წლიანი ისტორიის ხალხი ჯერ კიდევ შორსაა იმ მდგომარეობისგან, რასაც ეროვნული ერთობა ჰქვია...