თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1 ოქტომბერს გამოჩენილი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან ცხრა წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მწერლის შემოქმედების შესახებ საღამოზე ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „აველუმის" წევრები ისაუბრებენ.
ოთარ ჭილაძის ნაწარმოებებსა და მის მნიშვნელობაზე ქართული კულტურისთვის ისაუბრებს ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი. გამომსვლელები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ჭილაძის ნაწარმოებებზე „აველუმი", „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", ასევე მის პოეზიაზე.
ოთარ ჭილაძე (1933-2009) სიღნაღში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ის არის ავტორი ათეულობით პროზაული თხზულებისა და რომანისა.
მწერალმა ქართულად თარგმნა მსოფლიო კლასიკოსების რიგი ნაწარმოებები. იყო შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი, ასევე დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით.
ჭილაძის ბიოგრაფია 1996 წელს შეიტანეს ბრიტანულ კრებულში „ვინ ვინ არის" (Who is Who). 1999 წლის მაისში ქართველი მწერალი დაამტკიცეს ნობელის პრემიის ნომინანტად ლიტერატურის დარგში რომანის „აველუმისა" და სხვა ნაწარმოებებისთვის.
ოთარ ჭილაძე 2009 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.