თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მდებარე იუსტიციის სახლში ბიზნესმენები გრძელ რიგებში დგანან – დღეს პარასკევია, ახალი წესების მიხედვით, იმ საწარმოების დარეგისტრირების ბოლო დღე, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოებს ასრულებენ, იუწყება „Spitnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
მთავრობის დადგენილების „შრომის უსაფრთხოების შესახებ" მიხედვით, ეს კომპანიები ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო და 1 ოქტომბერს სრულდება.
„მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს. თუ არ გავივლი, ორშაბათიდან 1000-ლარიან ჯარიმას გამომიწერენ. არ ვიცოდი ახალი წესის შესახებ. ბუღალტერმა მითხრა, რომ არც იმან იცოდა, დღეს გაიგო. ყველამ დღეს გავიგეთ", – განაცხადა მეტალო-პლასტმასის ნაკეთობათა დამამზადებელი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა, სახელად დავითმა.
ოპტიმისტურადაა განწყობილი მეწარმე, სახელად მიხეილი.
„დღეს, ფაქტობრივად, ბოლო დღეა, რადგან შაბათ-კვირა მოდის. ამის გამო ვდგავართ რიგში. მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან დაგვაჯარიმებენ. იმან, ვინც აქ დგას, არ იცოდა ამ სიახლის შესახებ. ეს სოციალურ ქსელშიც არ მინახავს. უბრალოდ, ბუღალტერმა დღეს მითხრა", – აღნიშნა მიხეილმა.
„ორსაათ-ნახევარი მომიწია რიგში დგომა. დღეს გავიგეთ ამის შესახებ. მე კიდევ კარგად მოვასწარი. ახლა რიგი ნომრის აღებაზეც კია", - განაცხადა ბიზნესმენმა გიზომ, რომელიც გადაზიდვებითაა დაკავებული.
იუსტიციის სახლს პარასკევს ასევე ეწვივნენ ტაქსისტები – ისინი ლიცენზიისთვის მოვიდნენ. ტაქსისტები მუშაობას ლიცენზიის გარეშე 1 ოქტომბრიდან უკვე ვეღარ შეძლებენ.
„მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა. იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხამრებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით", – აღნიშნულია იუსტიციის სახლის Facebok-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამჟამად თბილისში დაახლოებით 40 ათასი ტაქსია. 27 სექტემბრის მონაცემებით კი, აქედან ლიცენზია მხოლოდ 6,2 ათასმა ტაქსისტმა აიღო.
თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღიურად დაახლოებით 8,5 ათას ადამიანს ემსახურება. მოქალაქეებისთვის დალოდების დრო საშუალოდ 5:36 წუთია. 28 სექტემბრის 13:00 საათის მონაცემებით, თბილისის ფილიალი 4 411 მომხმარებელს მოემსახურა. მომსახურებას ელოდება 2 289 ათასი მომხმარებელი.