თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილებით შეძლებენ მუშაობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.
მომავალი წლიდან დედაქალაქში ერთიანი სტანდარტის ტაქსები იმოძრავებენ>>>
ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღებას გულისხმობს, 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. რეფორმის მეორე ეტაპზე კი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები. ასევე დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.
„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოქალაქეებს, რომ ტაქსების რეგისტრაცია, რომელიც 1 აგვისტოდან დაიწყო, კვლავ გრძელდება.
„ამ ეტაპზე 6,2 ათასზე მეტი ნებართვაა გაცემული. თქვენთვის ცნობილია, რომ 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის მოწოდება ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. მინდა თავიდანვე გავაფრთხილო ყველა, რომ მიდგომა იქნება მკაცრი. ჯარიმა იქნება 200 ლარი", – დასძინა მან.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ სპეციალური ნებართვის აღება, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში — 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში ლიცენზიის აღება უფასოა.
კალაძემ იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ექნებათ.
„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და, რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება", – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის ტაქსის მანათობელის უფასოდ დარიგების შესახებ, თუმცა, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში მისი შეძენა მძღოლს უკვე თავად მოუწევს. მანათობელის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეისათვის თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.