მომავალი წლიდან დედაქალაქში ერთიანი სტანდარტის ტაქსები იმოძრავებენ

გამოწერა
ამ ეტაპისთვის ტაქსის სერვისის განსახორციელებლად 3522 ნებართვაა გაცემული.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მომავალი წლის ოქტომბრიდან თბილისში მოძრავი ყველა ტაქსი საერთო სტანდარტში ჩაჯდება და დამატებითი შემოსავლის წყაროც გაუჩნდებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

თბილისში ლიცენზირებულ ტაქსებს უფასო პარკინგი ექნებათ >>>

ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღებას გულისხმობს, 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ სპეციალური ნებართვის აღება, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს (ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში — 50 ლარს). წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ტაქსების მძღოლებისთვის რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

რეფორმის მეორე ეტაპზე კი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები. ასევე, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.

თბილისის მერის განმარტებით, ამ საკითხზე თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად მსჯელობს და ეს სტანდარტი 1 ნოემბრამდე იქნება დამტკიცებული.

„ეს სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც შექმნის დამატებით შემოსავალს ტაქსის მძღოლებისთვის. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამატებითი ფინანსური სარგებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპისთვის ტაქსის სერვისის განსახორციელებლად 3522 ნებართვაა გაცემული.

დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0