ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს

გამოწერა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ცდილობს გაარკვიოს, თუ რა დიაგნოზი დაუსვეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს საავადმყოფოში.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად ბოლო პერიოდში ციხიდან მესამედ გაიყვანეს.

მერაბიშვილი „ავერსის“ კლინიკაში ოთხშაბათს, დილით მოათავსეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში გავრცელდა. ამ დღეებში იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექს-პრემიერს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი აქვს.

ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მერაბიშვილის შეწყალებას სთხოვს>>>

„ჩვენთვის დილით გახდა ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილი „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ (ამჟამად იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური - რედ.) შეგვატყობინა, რომ ყველაფერი კარგადაა... ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, რა გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი, რა პროცედურები ჩაუტარდა და რა არის ამის შედეგი“, – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა ტელეკომპანია Rusatvi2-თან.

გამოკვლევების დეტალებზე ისაუბრა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ.

„გიდასტურებთ, რომ იგი კლინიკა „ავერსში“ გამოკვლევაზე იმყოფება. მას ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრამა, ლაბორატორიული გამოკვლევები და ყველა ის გამოკვლევა, რაც მისი პირადი ექიმის მიერ იყო დანიშნული“, – განაცხადა ჯორბენაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მოწამლულია თუ არა მერაბიშვილი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი

ორშაბათს ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მერაბიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს – პატიმრის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვისკენ.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მორიგი სხდომა თვის ბოლოსაა ჩანიშნული.

„უდოს“ კომისიაზე ბატონი მერაბიშვილის საკითხი ექვსი თვის განმავლობაში ავტომატურად იხილება. ჩვენ ყველა ის დოკუმენტი, საკითხები უნდა განვიხილოთ, რომლებსაც დაცვის მხარე წარმოადგეს და თუ ისინი კანონის შესაბამისი იქნება, მაშინ ჩვენ ვალდებული ვიქნებით შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

კილაძეს კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება აქვს.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0