თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო 28 სექტემბერს შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
უფასო აცრებს ვეტერინარები ვაკის პარკში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში ჩაატარებენ.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (Global Alliance for Rabies Control) ინიციატივით 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცოფის შემთხვევები საქართველოში 65–72 პროცენტით შემცირდა.
წელს უფასო ვაქცინაციის ჩატარება 270 ათას ცხოველზე იგეგმება. სექტემბრის მონაცემებით, უკვე აცრილია 230 ათასი ძაღლი და კატა.
ცოფთან ბრძოლის დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა. თარიღი ლუი პასტერის – ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ–ერთი შექმნელის გარდაცვალების დღე შეარჩიეს (1895 წლის 28 სექტემბერი).
ცოფი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, თითქმის ყოველთვის სასიკვდილო შედეგით მთავრდება.
ადამიანების ცოფით დაავადების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ინფიცირებული ცხოველის — ძაღლის, კატის ან ველური ცხოველების (მელა, ენოტი, ტურა, მგელი) კბენა. ყველაზე ხშირად დაავადება შორეულ სოფლებში 5-დან 14 წლამდე ბავშვებს ემართებათ.
ადამიანების ინფიცირება, ჩვეულებრივ, კბენის ან ნაკაწრის საშუალებით კანიდან ხდება. ვირუსი თავისა და ზურგის ტვინის პროგრესულ, სასიკვდილო ანთებას იწვევს.
ცოფისგან ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 55 ათასი ადამიანი იღუპება.