თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ხელვაჩაურის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში უვარგისი ხორცის შეტანის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“
მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებამ, 300 კილოგრამი ხორციდან 4 კგ დაიწუნა. უხარისხო ხორცი მიმწოდებელ კომპანიას უკან დაუბრუნეს და კომპანია წერილობით გააფრთხილეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული შპს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს არღვევს. მისი განმარტებით, სატენდერო პირობების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბაღებში ხორცი ქედის სასაკლაოდან უნდა შესულიყო. თუმცა მომწოდებელმა პირობა დაარღვია და ხორცი ციხისძირის სასაკლაოდან შეიტანა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ხორცი შემოწმებული.
ტელეკომპანიის ცნობით, ხელვაჩაურისგან განსხვავებით, აჭარის სხვა ბაღებში გაფუჭებული ხორცის შეტანის მცდელობა არ გამოვლენილა.
ინტოქსიკაცია წყალტუბოს საბავშვო ბაღში - 11 ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობს >>
ბოლო პერიოდში საბავშვო ბაღებში კვების ხარისხის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას. რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს საბავშვო ბაღების 27 აღსაზრდელი შიგელოზის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. სავარაუდოდ, ინფექციის გამომწვევი მიზეზი ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს.