თბილისში სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

© FB / Parliament of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მუშაობს სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე და ატარებს ფუნდამენტურ რეფორმებს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმი „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად".

ფორუმის მიზანია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური, კოორდინირებული და პროაქტიური სისტემის ჩამოყალიბება და ამ პროცესში მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის როლის გამოყოფა.

„ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება რთული ამოცანაა განვითარებული ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით, დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, სადაც ინფორმაციის, ცოდნისა და შეხედულებების მიმოცვლა თავისუფლად და ღია დებატების ფორმატში ხდება. საქართველოსთვის ეს ორმაგი გამოწვევაა: ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე, ამავდროულად ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფორუმის გახსნაზე.

დავით ზალკალიანი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროკავშირი უფრო მეტი დაახლოების გზაზე - საგზაო რუკის კონცეფცია მზადაა

მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ ნამდვილი დემოკრატიზაციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა.

„კერძო საკუთრების დაცვიდან დაწყებული, დასრულებული პენიტენციურ სისტემაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, განხორციელებული რეფორმები ჭეშმარიტად შთამბეჭდავი და საერთაშორისოდ აღიარებულია", – აღნიშნა კობახიძემ.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში საარჩევნო სისტემის განვითარებაზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ქვეყანაში 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

„აშშ ყოველთვის უჭერდა მხარს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო სისტემას, და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესსა და არჩევნებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით... იმედი მაქვს, ეს კიდევ ერთი თავისუფალი არჩევნები იქნება", – განაცხადა რუდმა.

იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
„უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს" – ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები შეაფასა

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა. მან ყურადღება სამ საკითხზე გაამახვილა: სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, პარლამენტის როლზე მის განხორციელებაში და მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრაზე.

„მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულები სტრატეგიული კომუნიკაციების განხორციელების დროს ჩვენ მოქალაქეებთან და საერთაშორისო დონეზე, კოორდინირებული გავხადოთ მიდგომა, გამოვიყენოთ ეფექტური გზები და ყველა ის რესურსი, რაც განკუთვნილია ამ სფეროსთვის", - აღნიშნა ქაცარავამ.

სტრატეგიული კომუნიკაცია ხელს უწყობს ძლიერი დემოკრატიული კულტურის კონსოლიდაციას, განაცხადა მან.

საერთაშორისო ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება.

დასკვნით სხდომაზე შეჯამდება მთავარი აღმოჩენები და რეკომენდაციები და დაისახება შემდგომი ნაბიჯები, რომელთა დახმარებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება მოხერხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0