თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა , იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია სარფი–ქემალფაშას საავტომობილო გზაზე მოხდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, მათ პირველადი დახმარება უკვე გაეწია, ნაწილმა კი კლინიკაც დატოვა.
„დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, მიკროავტობუსი თურქული სანომრე ნიშნით შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით გაწერილი საავადმყოფოებიდან“, – აღნიშნა მიქელაძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, საქართველოს შვიდი მოქალაქე სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოში.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, განაცხადა მიქელაძემ.