თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. სეტყვისგან დაზარალებულ მევენახებს ყურძენის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
18 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 10 სოფლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მათ შორის, წინასწარი მონაცემებით, 500-მდე ჰექტარი ვენახი დააზინა. ხოლო სულ დაზიანებულია 3 ათას ტონამდე ყურძენი.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, ორი საწარმო მდებარეობს გურჯაანში, ერთი საგარეჯოში.
სააგენტოს ცნობით, თელავში „რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ადგილზე მდგომარეობას ოპერატიულად გაეცნენ.
ანდრო ასლანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 190-მა ღვინის კომპანიამ.