თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის აგვისტოში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,4%-ით გაიზარდა და 135,6 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყნიდან 2018 წლის აგვისტოში 41,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, 3%-ით ნაკლებია.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი აგვისტოში 30,6%-ია.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარ–აგვისტოში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17,5%-ით გაიზარდა და 1,024 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2,6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-აგვისტოში 298,6 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოდან უცხოეთში აგვისტოში დაახლოებით 19 მილიონი დოლარი გადარიცხეს, რაც 2,3%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის აგვისტოში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან პირველ რვა თვეში გადარიცხულია დაახლოებით 147,8 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-ით მეტია.