ნინო ბურჯანაძე: ნარკობარონებიღა აკლდა საქართველოს

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას მოუწოდებს კიდევ უდრო აქტიურად დააფიქსირონ უარყოფითი პოზიცია, საქართველოში მარიხუანის ლეგალურად მოყვანის განზრახვასთან დაკავშირებით.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის და მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინიციატივები, არის მცდელობა, საქართველო გადააქციონ კოლუმბიის და ავღანეთის პრობლემების მატარებელ ქვეყანად, რომელიც ვერასოდეს ვეღარ განვითარდება, განაცხადა პარტია „დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ორშაბათს თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა კანონპროექტი „მცენარე კანაფის შესახებ", რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„აქამდე თავი იმით მოგვქონდა, რომ ღვინის და დიდი კულტურის ქვეყანა ვართ, ახლა შეგვიძლია თავი მოვიწონოთ ივანიშვილის, დღევანდელი ხელისუფლების და პარლამენტის წყალობით, რომ კანაფის და მარიხუანის ქვეყანა ვართ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება

ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივის უკან ორი რამ დგას.

„უპირველესად ამ ინიციატივის უკან დგას პირადად ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სურვილი, რომ სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება. ხოლო ვინაიდან ესმით, რომ ამ ვითარებაში დღეს თუ ხვალ მოქალაქეების პროტესტი აუცილებლად ხმამაღალი გახდება, მათი ამოცანაა დაბოლილი ამყოფონ ნახევარი საქართველო და გაბრუებული და შესაბამისად ადვილად მართონ"- განაცხადა ბურჯანაძემ.

მეორე, რაც ამ ინიციატივის უკან დგას, ნინო ბურჯანაძის აზრით, ეს არის ფინანსური ინტერესი, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის უკან, დგას ძალიან დიდი თანხები.

საქართველოს მთავრობის ინიციატივამ ექსპორტის მიზნით კანაფის მოყვანის ლეგალიზების შესახებ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უკმაყოფილება გამოიწვია.

მარიხუანას პლანტაცია ამერიკაში - Sputnik საქართველო
დავთესოთ თუ არ დავთესოთ? ანუ რა სარგებლობა მოაქვს კანაფს

ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეკლესიამ ხმა უნდა აღიმაღლოს.

„მე მესმის პატრიარქის შემწყნარებლობა ყველას მიმართ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არ მჯერა, რომ ამ ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინიციატივა წარმოგვიდგენენ და ხელს აწერენ, უყვართ სხვისი შვილები და უყვართ ქვეყანა. ისინი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობენ"- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ თავისი კანონმდებლობით პირდაპირ მიუთითებს, რომ მაგალითად კანადის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან მარიხუანას ბიზნესში ან დებენ ინვესტიციებს ამ მიმართულებით, სამუდამოდ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა.

„მე მესმის რომ ივანიშვილს ეს არ აწუხებს, იმიტომ რომ საქართველოდან ვერ გადის და გასვლას არ აპირებს, მაგრამ ეს ალბათ რაღაცაზე ლაპარაკობს, როცა ამერიკა უკრძალავს ამ დარგში ინვესტიციების ჩამდებს აშშ-ში შესვლას, ყველაფერში ვბაძავთ ამერიკელებს და ამაში მაინც რაღაცა დოზით მივბაძოთ" -აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა - Sputnik საქართველო
ქართული მარიხუანა ექსპორტზე - რეალობა თუ წინასაარჩევნო დაბოლება

რაც შეეხება მარიხუანისგან შემოსული შემოსავალით ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდას, ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს არ სჭირდება ბიუჯეტი რომელიც გაზრდილი იქნება ახალგაზრდების გაბრუების, ნარკოტიკების და კანაფის მოყვანის ხარჯზე.

ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას მოუწოდა უფრო აქტიურად გამოხატონ საკუთარი უარყოფითი პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

„დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, მოგიწოდებთ ამოიღეთ ხმა ქვეყნის დაქცევის წინააღმდეგ. მე მჯერა, რომ არც ერთ თქვენგანს, არც ერთი თეთრით მომატებული პენსია არ სჭირდება, თუ ეს შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობის და გონებრივი შესაძლებლობების ხარჯზე იქნება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას გაახმოვანა ინიციატივა კანაფის კულტივირების, მისგან კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისა და საზღვარგარეთ ექსპორტირების განზრახვის შესახებ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0