თუ ბედნიერი ხართ და უახლოეს გარემოცვაში მძიმე ან მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი არ გყავთ, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ქუჩები, ეზოები, სადარბაზოები სავსეა შპრიცებით და მარიხუანის სუნიც საკმაოდ დგას. ეს ხდება ქვეყანაში, რომლის უდიდესი ნაწილი მორწმუნეა! თუმცა რწმენას და ნარკოტიკულ თრობას როგორ უთავსებენ ერთმანეთს, რთული სათქმელია. რაც შეეხება ხელისუფლებას, მის ნაწილს, ბუნებრივია, ხელს აძლევს დაბოლილი და ბიოთი გაჭყეპილი საზოგადოება, რადგან ფხიზელ გონებაზე ადამიანები შეკითხვებს სვამენ.
გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მარიხუანის ლეგალიზაციაზე იყო საუბარი და შსს-ს ამ თემაზე კანონპროექტიც აქვს მომზადებული, ახალი ძალით ააფეთქა დისკუსიები ნარკომანიის მავნებლობის შესახებ. მეუფე იაკობმა ავღანეთად და კოლუმბიად ქცევაც კი გვიწინასწარმეტყველა, თუმცა აღარ უთქვამს, ვინ იქნება ქვეყნის მთავარი „ესკობარი".
სამწუხაროდ, ინფორმაცია საზოგადებამდე მაინც დამახინჯებულად მივიდა და ხელისუფლების მიმართ აგრესია გამოიწვია, რადგან დღეს მთავრობის სხდომაზე საკმაოდ გასაგებად განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ, რომ მოხმარებაზე, გარდა პირადი სივრცისა, რეგულაციები არა თუ მარტივდება, არამედ მკაცრდება. ასევე ჩამოთვალა ის ქვეყნები, სადაც სამედიცინო თუ პარფიუმერული მიზნებით კანაფის მოყვანა ნებადართულია მკაცრი სალიცენზიო პირობების ფარგლებში. ესაა დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია... და ვერ ვიტყვით, რომ ამ ქვეყნებში ნარკომანია ისეთი გავრცელებულია, როგორც საქართველოში, სამწუხაროდ...
ზოგადად, სასურველი იყო, ამ გადაწყვეტილებამდე სამეცნიერო და თუნდაც რელიგიური დებატები გამართულიყო, რასაც ე.წ. პიარი სწორად მიიტანდა საზოგადოებამდე... გასაგებია, რომ თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის საკმაოდ ნოყიერია და წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს არც არავინ გაუშვებდა ხელიდან შანსს – მოეხდინა ხელისუფლების დისკრედიტაცია.
მით უმეტეს უცნაურია, რატომ აირჩიეს ამ თემაზე ექსპერტ-სპიკერად ქალბატონი გუგული მაღრაძე, რომელმაც კიდევ უფრო გადარია ისედაც საცობებით, ლარის კურსითა და სოციალური მდგომარეობით გადარეული მოსახლეობა. „ზოგი ჟოლოს მოიყვანს, ზოგი - სიმინდსა და ზოგი მარიხუანასო... იცით თქვენ, რამხელა კონკურენციაა კანაფის გასაღების ბაზარზეო“, – გაგვარკვია დეპუტატმა და ისიც დასძინა, კანაფი სოფლის მეურნეობის პროდუქტიაო. რა ვიცი, საქართველოში დღემდე დაბოლების საშუალებად იცნობდნენ და ამიერიდან თუ სოფლის მეურნეობის აღორძინებას შეუწყობს ხელს, ვნახოთ.
რაც შეეხება თავად პრობლემას, ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა საგანგაშო სტატისტიკა, რომ საქართველოში აქტიურ ნარკომომხმარებელთა რიცხვი 200 ათასს აღწევდა, ხოლო ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო აზიას საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენება სურდა. უახლოეს ისტორიაში იძებნება აჭარასა და თურქეთის ტერიტორიაზე მსხვილი სატრანზიტო გადაზიდვების გამოაშკარების მაგალითები. დიდი ხანი არ გასულა, რაც შეიქმნა პანკისის ხეობის მითი. საქართველოს მთავრობამ, სამღვდელოებამ, განათლების სამინისტრომ ამ კოშმარიდან თავის დაღწევაზე უფრო მეტი უნდა იფიქრონ, თან - ერთად.
ჩვენი ინფორმაციით, კანონპროექტს პარლამენტში ცხარე დებატები მოჰყვება, მათ შორის თავად უმრავლესობის შიგნითაც. მისი ჩავარდნა გამორიცხულია, თუმცა დემარშების მხილველები კი შესაძლოა გავხდეთ. მთავარი კითხვა მაინც ისაა, ვინ შეძლებს ახალგაზრდობა დაასაქმოს, კოსმოსისა და დედამიწის საოცრებების ათვისებით დააინტერესოს და ცხოვრება ბედნიერი გახადოს ამ დალოცვილ მიწაზე. ალბათ ეს ძალა დაამარცხებს კანაფსაც და ნარკომანიასაც... იმედია, დადგება დრო, როცა მას მხოლოდ კუბდარსა და პარფიუმერიაში გამოვიყენებთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!