2019 წლის იანვრიდან თბილისში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება

გამოწერა
ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, თბილისში მომავალი წლიდან ამოქმედდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების ახალი მოდელი უკვე მომზადებულია კანონპროექტის სახით და გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტში.

რას ითვალისწინებს პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის ახალი წესი>>>

ზონალური პარკირება ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც - შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

ეკა ლალიაშვილი - Sputnik საქართველო
ტრანსპორტის მომავალი საქართველოში - ექსპერტის თვალსაზრისი

ასევე, ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის - 50 ლარის გაუქმებას.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე პარკირების ახალი პოლიტიკის შემოღება სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას შეუწყობს ხელს.

თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 2007 წლიდან კომპანია „სითი პარკს" ჰქონდა. თუმცა, 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანიასთან თბილისის მერიამ კონტრაქტი გააუქმა და მისი ფუნქციები, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. არსებული ინფორმაციით, თბილისის მერია უახლოეს კვირაში წარადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი იქნება ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა.

 

ყველა ახალი ამბავი
0