თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლებას, მეტროს მატარებლების რაოდენობის გაზრდას და ტაქსების ლიცენზირებას უკავშირდება, დადებითად შეიძლება შეფასდეს, განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.
გასულ კვირაში თბილისის მერმა კახა კალაძემ წარმოადგინა დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა. მისი ძირითადი მიზნებია — სატრანსპორტო ქსელის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ქალაქის ხელსუფლების მტკიცებით, პოლიტიკა ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზეა ორიენტირებული.
ტაქსების რეგისტრაციის ერთწლიანი საფასური 100 ლარი ეღირება >>
„რამდენიმე დღის წინ ქალაქის მერიისგან გავიგეთ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ცალსახად შემიძლია დადებითად შევაფასო არა მხოლოდ მე, არამედ ფართო საზოგადოებამ. ჩემმა კოლეგებმაც ამ პოლიტიკას ძალიან დადებითი შეფასება მისცეს“, — განაცხადა ლალიაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, საუბარია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მისი ქსელის გაფართოებაზე, ასევე იმ ავტობუსების ჩანაცვლებაზე, რომლებიც როგორც საგზაო უსაფრთხოების, ისე გამონაბოლქვის თვალსაზრისით, თბილისელების ყოველდღიურ ტკივილს წარმოადგენს.
პარკინგი და უსაფრთხოება
2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკინგზე საათობრივი გადასახადის შემოღებას გულისხმობს. ლალიაშვილის თქმით, პარკინგის ეფექტური რეგულირების პოლიტიკა სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე იქნება მიმართული.
„მნიშვნელოვანია ასევე პარკირების სისტემის შემოღება, რაც გულისხმობს ზონირებას. ყველა ევროპულ ქალაქში ასე ხდება: ცენტრალურ ნაწილში ბევრად ძვირი ღირს საათობრივი პარკირება, ვიდრე გარეუბნებში. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია და ევროპული ქალაქის მშენებლობას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა ლალიაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა პატივისცემას იმსახურებს, ალიანსის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მასში გზებზე უსაფრთხოების პრობლემას ნაკლები ყურადღება ეთმობა.
„ერთადერთი რასაც დავამატებდი – მეტი აქცენტი გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების თემაზე. თბილისში თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მხოლოდ მიმდინარე წელს, 6 თვის მონაცემებით დაიღუპა 46 ადამიანი და დაშავდა 1800-ზე მეტი პირი“, — განაცხადა ლალიაშვილმა.
ლალიაშვილის თქმით, ეს მაღალი მაჩვენებელია, რადგან 2017 წლის 6 თვეში 43 ადამიანი გარდაიცვალა და 1800-ზე ნაკლები დაშავდა.
მწვანე საქართველო და ტრანსპორტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას წარუდგინა გარემოს დაცვის კონცეფცია — მწვანე ეკონომიკა, რომლის ფარგლებში დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების განბაჟების ღირებულების გაძვირება, ხარისხიან საწვავზე გადასვლა და ჰიბრიდული და ელექტრომობილების პოპულარიზაცია იგეგმება.
„ასევე შევეხები პრემიერ-მინისტრის მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას და მის ინიციატივას, რომელიც ასევე კარგი, სწორი და დროულია. აქაც დამაკლდა საგზაო უსაფრთხოების ნაწილი. აქცენტი გაკეთდა ჰაერის დაბინძურებაზე, და ეს მართლაც აუცილებელია დღეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა უსაფრთხოება გზებზე. ჩვენ ვიცით, პრემიერმა გააკეთა განცხადება ძველი ავტომობილების ნაკადის შეზღუდვაზე, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ა.შ.“, — განაცხადა მან.
საქართველოში ტექდათვალიერება მიმდინარე წელს ამოქმედდა. 2018 წლის 1 იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა წონა აღემატება 3,5 ტონას, ასევე ავტომობილებისთვის, რომელთაც რვა და მეტი სამგზავრო ადგილი აქვთ.
1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი მსუბუქი ავტომობილებისთვის. 1 ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.