რას იტყვის თემიდა... ანუ გვექნება თუ არა ოცნების პენსია?!

© Sputnik / STRINGERპენსიონერი
პენსიონერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაიდება თუ არა ე.წ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება, როდის დაასრულებს მთავრობა პენსიის ინდექსაციის პრინციპებზე მუშაობას და როგორი იქნება პენსია მათთვის, ვისაც საპენსიო სისტემის რეფორმა არ შეეხო?

წინამდებარე სტატია მათთვის დაიწერა, ვინც ე.წ დაგროვებითი საპენსიო სისტემის „სიკეთით“ ვერ ისარგებლებს და მომავალშიც საბაზისო პენსიის ამარა რჩება. საუბარია პენსიონერებზე, რომელთა რაოდენობაც შვიდასი ათასს აღემატება. ხელისუფლება საპენსიო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და პრობლემური საკითხის „მოგვარებას“ იწყებს. ხუმრობა ხომ არ არის, არსებული პენსიის მომავალში ზრდის პრინციპები უნდა განისაზღვროს. ეს კანონმდებლობის მოთხოვნაა და საამისოდ, ვადაა დადგენილი. კანონი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ, პირდაპირ ავალდებულებს ფინანსთა სამინისტროს, ცხრა თვის ვადაში მოამზადოს პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ე.წ ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.

განმარტებისთვის, პენსიის ინდექსაცია გულისხმობს პენსიის ზრდას ინფლაციის პარალელურად, ქვეყანაში საშუალო ხელფასის, ეკონომიკური ზრდის და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით. რაც შეეხება „ჩანაცვლების კოეფიციენტს“, ამ მაჩვენებელით დგინდება პენსიის ქვედა ზღვარი, რათა ის არ იყოს საშუალო ხელფასის კონკრეტულ პროცენტზე ნაკლები.

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

სპეციალისტები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმაზე მუშაობისას, პენსიის ოდენობის განსაზღვრის პროცესში,  სწორედ, ინდექსაცია და ჩანაცვლების კოეფიციენტი იყო მთავარი საკამათო საკითხი. მათი შეფასებით, სავსებით რეალურია, ჩანაცვლების არსებული კოეფიციენტის შემცირების საფრთხე, რაც თავის მხრივ დამატებითი რისკების შემცველია. მთავარი ფაქტორი კი ის არის, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ე.წ „ღირსეული პენსიის“ აღების საშუალებას არ იძლევა დაბალი ხელფასები.

ანალიტიკოსი პაატა აროშიძე: „მარტივი არითმეტიკაა… დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 500 ლარია. ეს კი იმას  ნიშნავს, რომ 25 წლის განმავლობაში ხელფასის 5 პროცენტიანი ზრდისა და 5 პროცენტიანი საინვესტიციო შემოსავლის შემთხვევაში, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მაჩვენებელია, 25 წლის შემდეგ, დასაქმებულთა ამ კატეგორიის საშუალო პენსია თვეში 305 ლარი იქნება. ეს მაჩვენებელი ბოლო ხელფასის 15 პროცენტიანი ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს, მაშინ, როცა ეს კოეფიციენტი, ახლა 30 პროცენტია. საიმისოდ, რომ საბაზისო პენსიის ჩანაცვლების 
კოეფიციენტი არ შემცირდეს, აუცილებელია ინდექსაცია განხორციელდეს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით. საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი აღემატება ინფლაციის მაჩვენებელს და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის ზრდის ტემპთან. ამით სოციალური პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნდება არსებულ ნიშნულზე, ხოლო მის შემდგომ ზრდაზე გავლენა, უკვე დაგროვებითი პენსიის დამატებას ექნება…“

წამლის აბები - Sputnik საქართველო
დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი დღეიდან გაიაფდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სწორედ ამ პრინციპით უნდა გაიზარდოს პენსია და პენსიის ზრდა არ უნდა იყოს მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების დისკრეციის საგანი….

აკაკი ზოიძე: „მთავრობამ უნდა შემოიტანოს კანონმდებლობა პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შესახებ. პენსია მაკროეკონომკურ მაჩვენებლებს უნდა მიებას და არა პოლიტიკოსების კეთილ ნებას თუ მათ მიერ გაცემულ დაპირებებს. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ნორმის დამატება ჩვენი მოთხოვნა იყო, რადგან, თუკი საპენსიო რეფორმას ვატარებთ, აუცილებელია, რეფორმა დღევანდელ პენსიონერებსაც შეეხოთ. დღეს არანაირი მექანიზმი იმისა, რომ პენსიის ზრდის დაგეგმვა მოხდეს, არ არსებობს. ეს ყველაფერი ძირითადად პოლიტიკოსების დაპირებებზე კიდია. პენსიონერებმა პოლიტიკოსებს არ უნდა უყურონ ხელებში. ამ მექანიზმის ამოქმედებით ერთხელ და სამუდამოდ პროგნოზირებადი გახდება, თუ რამდენი იქნება ჩვენი პენსია ყოველ მომდევნო წელს. კანონის არსი სწორედ ეს იქნება — რამდენიც არის ეკონომიკური ზრდა, რამდენიც არის მოსალოდნელი ფასების ზრდა, სწორედ იმ პროცენტს მიებმება პენსიის ზრდა. გარდა ამისა, პენსიის ინდექსაცია მომავალი პენსიონერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში, ისინი, დაგროვებით პენსიასთან ერთად, ასევე საბაზისო პენსიას მიიღებენ და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საბაზისო პენსია ხუთი თუ ათის წლის შემდეგ…“   

ომის ვეტერანი, პენსიონერი მარინა არზუმანოვა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი მიიღო

საქართველოში 731.000 პენსიონერია, მათი დიდი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 12.2 პროცენტს შეადგენს. სწორედ ამ მოცემულობების გათვალისწინებით, სპეციალისტები დაგროვებითი პენსიის სისტემაში პრობლემებს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობა კონკრეტულ ზომებს არ მიიღებს, საპენსიო რეფორმა ჩავარდება და სოციალურ პრობლემებს გაზრდის.

ამასობაში, მომავალი წლიდან, საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადადის. ვინ რა მოცულობის წილობრივი მონაწილეობით იზრუნებს „ღირსეული“ პენსიის ფორმირებაზე, ბევრჯერ ითქვა და ტექნიკურ დეტალებზე თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებ. ერთს კი აუცილებლად შეგახსენებთ. ორმოც წლამდე დასაქმებულთათვის, საპენსიო რეფორმაში ჩართვა,  სავალდებულო იქნება. ვინც უარს იტყვის, მათთვის საჯარიმო სანქციებია გათავლისწინებული.
კატეგორიული ტონის შემდეგ, შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დაგროვებითი საპენსიო სისტემის „დაქოქვა“ დროებით გადაიდოს. ირკვევა, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელძღვანელი გიორგი მშვენიერაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საპენსიო რეფორმის გასაჩივრებას გეგმავს. საჩივრის შინაარს საპენსიო რეფორმის სამ ასპექტს შეეხება.

ხელები - Sputnik საქართველო
საპენსიო ასაკი... გენდერული თანასწორობა თუ ფინანსური გათვლები?

გიორგი მშვენიერაძე: „დამსაქმებლზე საპენსიო ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2 პროცენტის  გადარიცხვის ვალდებულების დაკისრება იურიდიული პირისთვის ახალი გადასახადის შემოღებას და მათი საკუთრების უფლებაში ჩარევას ნიშნავს. ასევე, სამართლებრივი ნონსენსია ფიზიკური პირისთვის საკუთარი კეთილდღეობის მოტივით მისივე უფლების შეზღუდვა. საკონსტიტუციო სარჩელში შესატანი მესამე ასპექტი, სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული 2 პროცენტის, ბიუჯეტის ნაცვლად, მოქალაქეთა საპენსიო ფონდში მიმართვას შეეხება. როდესაც სახელმწიფო, თუნდაც 2 პროცენტით აფინანსებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მეტი შემოსავალი აქვთ ეს არის თანასწორობის დარღვევა. სახელმწიფომ თავისი რესურსები უნდა მიმართოს იმ პირების სასიკეთოდ, რომლებსაც ეს რესურსები ყველაზე მეტად სჭირდებათ…“
საკონსტიტუციო სარჩელმა შესაძლოა კოლექტიური სახეც მიიღოს და იურიდიული დოკუმენტის მომზადებაში დარგის სხვა სპეციალისტებმაც მიიღონ მონაწილეობა.
ერთი სიტყვით, საპენსიო უზრუნველყოფა და სისტემის რეფორმა, ყველა ხელისუფლებისთვის გამოწვევა იყო და ასეა ახლაც… 2012-2018 წლებში პენსია 60 ლარით გაიზარდა, მაგრამ გაზრდილი ფასების და ლარის გაუფასურების გამო, დაკარგა  მსყიდველუნარიანობა და დღეს იმაზე ნაკლებია ვიდრე იყო 6 წლის წინ. საქართველო პენსიის სიდიდით ევროპაში ბოლოს წინა ადგილზეა და მხოლოდ მოლდოვას უსწრებს. პენსიის ზრდის რა პრინციპზე ჩამოყალიბდება ხელისუფლება და რა საკანონმდებლო პაკეტს შეიმუშავებს ფინანსთა სამინისტრო, შედგება თუ არა საკონსტიტუციო სარჩელი და როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი? პასუხი ამ და სხვა კითხვებზე დროს მივანდოთ!

ყველა ახალი ამბავი
0