საპენსიო ასაკი... გენდერული თანასწორობა თუ ფინანსური გათვლები?

გამოწერა
გათანაბრდება თუ არა ქალბატონების და მამაკაცების საპენსიო ასაკი, რატომ განიხილება ეს საკითხი მმართველ გუნდში, რას ფიქრობენ ანალიტიკოსები და რას გულისხმობს ევროკავშირის მოდელი

შიდაპოლიტიკური პროცესები წინასწარ გაწერილი სცენარით ვითარდება. პარლამენტმა, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ამ ეტაპზე ხალხის რჩეულებმა ე.წ მცირე მთავრობის ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს. საბოლოოდ გაირკვა რა უქმდება და რა რას ერწყმის. ცვლილების თანახმად, მთავრობის ახალ სტრუქტურაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. მალე გაირკვევა ვინ რომელი მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს და ვინ მოყვება სეკვესტრში…

მოხუცები - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიები მომავალი წლიდან გაიზრდება

დარწმუნებული ვარ ეს შესავალი, მკითხველს აფიქრებინებს, რომ წინამდებარე სტატიაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ვაპირებ საუბარს, არადა არ არის ასე. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ, ჩემი პუბლიკაციით, (საპენსიო „ხელშეკრულება“ და ფიქრები „ღირსეულ“ სიბერეზე) ჩვენ მკითხველს ვაუწყე, რომ მთავრობა, რომელიც ე.წ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, სხვა საკითხებთან ერთად ქალბატონებისა და ბატონების საპენსიო ასაკის გათანაბრებას გეგმავს. დავსვი კითხვა — რატომ დადგა დღის წესრიგში საპენსიო ასაკის საკითხი და პირობა დავდე, რომ უკვე მომდევნო სტატიაში ვეცდებოდი კითხვაზე პასუხის გაცემას. არ ვარ გუნდიდან — ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი! ამიტომ მკითხველს დანაპირებს შევუსრულებ.

ერთი სიტყვით, შესაძლოა საპენსიო ასაკი ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის 63 წლით განისაზღვროს. რატომ? მთავარი მოტივი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა. თუკი მამაკაცების საპენსიო ასაკი ცოტათი შემცირდება, ქალებისა კი გაიზრდება, ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგება.

პენსიონერი - Sputnik საქართველო
შეძლებენ თუ არა ემიგრანტები საქართველოში პენსიის მიღებას

2017 წლის მონაცემებით, მამაკაცების ოდენობა საქართველოში 1.788.600, ხოლო ქალების 1.939.400-ია. მათ შორის საპენსიო ასაკის ქალბატონების რაოდენობა 462400-ია, ხოლო მამაკაცებისა – 204.500. ქვეყანაში საპენსიო ასაკის ქალბატონი გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცი. ყოველი ასი პენსიონერიდან 65-70 ქალია. იმ რეფორმით, რომელიც მთავრობამ დააანონსა, ნათლად ჩანს, რომ პენსიონერი მამაკაცების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მკვეთრად შემცირდება ქალბატონების წილი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრდეს. მისი თქმით, საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე დისკუსია ამჟამად არ მიმდინარეობს, ეს მომავლის საკითხია.

აკაკი ზოიძე: „სასურველია საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. აუცილებელი არ არის, 65 წელი იყოს, შეიძლება, 63 წელზე გათანაბრდეს. ეს მსჯელობის თემაა და ეს ჩემი პირადი აზრია, მსოფლიოში საპენსიო ასაკთან მიმართებით არსებული ტენდენციიდან გამომდინარე. გვინდა, ჩვენი პენსიონერები ღირსეული პენსიით ვუზრუნველვყოთ…“
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი სამომავლო რეფორმას ბოლომდე გამართლებულად არ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ საპენსიო ასაკის გადაწევით ქალბატონებს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდებათ.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
დაგროვებითი პენსიის დეტალები: ვინ იხეირებს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივით

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე: „საპენსიო ასაკის ქალები, რომლებიც ნამდვილად მეტნი არიან მამაკაცებზე, კიდევ სამი წელი უნდა დაელოდონ პენსიას? ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს. საქართველოში რომ იყოს ის პენსია, რომელიც ცხოვრების არა თუ ღირსეულ, არამედ ნორმალურ პირობებს მაინც ქმნის, კიდევ შეიძლება გვეფიქრა, მაგრამ ხალხს ეს ფული საარსებოდ სჭირდება. პირდაპირ გათანაბრება ძალიან არასწორ და ცუდ მოსაზრებად მიმაჩნია, თუ მაინც ცვლილებას აპირებენ, სჯობს, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ მოხდეს ეს ცვლილება, რადგან მოსახლეობამ, პენსიონერებმა რთულად არ გადაიტანოს ახალი სისტემის ამოქმედება…“

ბიუჯეტში თანხის დაზოგვა და გენდერული თანასწორობა – ეს არის ის ორი ვარიანტი, რომლებსაც ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები მოსალოდნელ საპენსიო რეფორმას უკავშირებენ. 

ეკონომისტი პაატა აროშიძე: „ორი საკითხია საგულისხმო. პირველი — ფინანსური. თუ ქალბატონების საპენსიო ასაკი გაიზრდება, ეს ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, დანაზოგს მისცემს.  მეორე – გენდერული თანასწორობიდის საკითხი. ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო პირობები უნდა გათანაბრდეს, დისკრიმინაციულად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო ადრე აღწევდნენ საპენსიო ასაკს, ვიდრე მამაკაცები. შესაძლოა, ახალ მოდელს საფუძვლად დაედოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, როდესაც ქალბატონებისა და მამაკაცების ასაკი გათანაბრებულია. ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან თანხა დაიზოგება და გენდერული თვალსაზრისითაც გარკვეული თანასწორობა იქნება…“

ხელები - Sputnik საქართველო
პარლამენტარების უარი და მთავრობის ოპტიმიზმი... რა ბედი ეწევა პენსიას?

არის სხვა მოსაზრებაც, რომელიც შრომის შემსუბუქებისა და სიცოცხლისუნარიანობის საკითხებს უკავშირდება.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე: „როდესაც რაღაც ცვლილებაზეა საუბარი, ერთი ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. დღეს პენსიონერების მთელი რაოდენობიდან 2/3-ზე მეტი ქალია და 1/3-ზე ნაკლები – მამაკაცი. განსაკუთრებით მაღალასაკობრივ ჯგუფებში შეიმჩნევა ამგვარი დიფერენცირება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ შრომის როლი და გავლენა მცირდება, ტექნოლოგიები ისე ვითარდება, ცოცხალი ძალა საჭირო აღარ არის, განსაკუთრებით – ქალები. შრომითი შემსუბუქების პროცესი ეხება არა მხოლოდ საწარმო პროცესს, არამედ ოჯახურ შინამეურნეობას, რომელიც ამსუბუქებს ქალის საქმიანობას. ამის გამო ქალთა სიცოცხლისუნარიანობაც მკვეთრად გაზრდილია, ვიდრე კაცებისა…“
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი ჯერ არ განიხილება და ეს მომავლის საქმეა… აქ  გავმეორდები და ვიტყვი —  „ჩვენში, არცთუ იშვიათად „შორეული მომავალი“ უფრო მალე მოდის ხოლმე, ვიდრე „გუშინ“ ან „დღეს“…

ყველა ახალი ამბავი
0