თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ევროპელმა მუსიკოსებმა Alle Farben & Younotus & Kelvin Jones თავიანთ ახალ ვიდეოკლიპში თბილისში გადაღებული კადრები გამოიყენეს.
ვიდეომ სინგლზე Only thing we know, რომელიც 20 ივნისს ვიდეოჰოსტინგზე YouTube გამოქვეყნდა, უკვე დააგროვა ოთხი მილიონი ნახვა.
კლიპში მოჩანს კადრები, რომლებიც გადაღებულია თბილისის მშვიდობის ხიდის ფონზე, მთაწმინდის პარკში „ეშმაკის ბორბალთან", რიყის პარკში, საბაგირო გზაზე, ძველი თბილისის ქუჩებსა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე.
კლიპის სიუჟეტით, ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი იღვიძებენ, სვამენ ყავას, კითხულობენ წიგნებს, შედიან სოციალურ ქსელში, სეირნობენ ქალაქში, ხვდებიან მეგობრებსა და ბოლოს ერთმანეთს პოულობენ - ჯერ ვირტუალურ სამყაროში და შემდეგ - რეალურ თბილისში.
ალე ფარბენი (Alle Farben) ცნობილი გერმანელი დიჯეისა და პროდიუსერის, ფრანს ციმერის სცენური ფსევდონიმია. Younotus - გერმანული დუეტია დიჯეებისა და პროდიუსერების - ტობიას ბოდონისა და გრეგორ სამის. კელვინ ჯონსი (Kelvin Jones) - წარმოშობით ზიმბაბველი ბრიტანელი შემსრულებელია.