თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებმა ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა, რომლებიც ლონდონში „სკრიპალების საქმეში" ეჭვმიტანილები არიან, უარყვეს, რომ დიდ ბრიტანეთში თან ჰქონდათ რაიმე სახის მომწამვლელი ნივთიერება, ამის შესახებ მათ RT-სა და Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს.
ტელეკომპანიისა და სააგენტოს მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის კითხვაზე, ლონდონში ჩასვლის დროს მათ თან ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის საწამლავი ან საშიში სითხე, რუსეთის მოქალაქეებმა უარყოფითი პასუხი გასცეს.
რუსებმა აღიარეს, რომ მათ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის ხელყოფის ეშინიათ.
„ჩვენ ქუჩაში გასვლა არ შეგვიძლია, გვეშინია… ჩვენი, ჩვენი ახლობლების, იმ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის, რომლებიც ჩვენ გვიცნობენ", — განაცხადა ბოშიროვმა.
სექტემბრის დასაწყისში ბრიტანულმა მხარემ ორი ეჭვმიტანილის სურათები წარმოადგინა და განაცხადა, რომ ისინი რუსეთის დაზვერვის ორი ოფიცერი — „ალექსანდრ პეტროვი" და „რუსლან ბოშიროვი" არიან. ამასთან, ლონდონმა იქვე დააზუსტა, რომ სახელები ნამდვილი არაა. მოსკოვში განაცხადეს, რომ აღნიშნული სახელები რუსეთისთვის „არაფრისმთქმელია" და კვლავ მოუწოდეს ბრიტანეთს ბრალდებებისა და მანიპულაციიდან თანამშრომლობაზე გადასვლისკენ.
ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც „სკოტლენდ-იარდმა" ეჭვმიტანილებად დაასახელა. მან ასევე დასძინა, რომ საუბარია სამოქალაქო პირებზე და იმედი გამოთქვა, რომ "ისინი თავად გამოჩნდებიან, თავად მოყვებიან ყველაფერს".
სკრიპალების საქმე
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ბრიტანულ ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ლონდონში განაცხადეს, რომ მამა-შვილის მოწამვლასთან კავშირში რუსეთის სახელმწიფოა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.
რუსეთის მხარემ არაერთხელ მოითხოვა გამოძიების მასალებზე წვდომა და დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირება, თუმცა ბრიტანულმა მხარემ ყველა მოთხოვნას იგნორირება გაუკეთა.