თბილისის მერია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე იწვევს

გამოწერა
თბილისში დაახლოებით 1350 ავტობუსის მძღოლია, ქალი–მძღოლი კი მხოლოდ ორი ავტობუსის საჭესთან ზის.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ავტობუსის მძღოლები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ღამის ავტობუსები“ თბილისში სექტემბრიდან იმოძრავებენ>>>

სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, 25 ქალისთვის არის განკუთვნილი.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, კურსები ჩატარდება საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას, გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს, მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და ა.შ.).

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
სატრანსპორტო პოლიტიკა: რა სიახლეები იგეგმება დედაქალაქში

კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებასაც ავტოსკოლა დაფარავს. მსურველებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული D მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 21 სექტემბერია, სასწავლო კურსი კი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

„კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის საქართველოს მოქალაქე, შეუსრულდა 24 წელი, აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, აქვს B კატეგორიის ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილება და არ ჰქონია სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.)", – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის" ფარგლებში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე (www.ttc.com.ge).

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" თბილისის ავტობუსებს, მეტროპოლიტენს, საბაგირო გზებსა და თბილისის პარკინგს აერთიანებს. ამჟამად კომპანიაში 6,3 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით 1350 ავტობუსის მძღოლია, ქალი–მძღოლი კი მხოლოდ ორი ავტობუსის  (№121, №13 ) საჭეს მართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0