არეულობა პარლამენტთან - ზაზა სარალიძემ გონება დაკარგა

© Sputnik / STRINGERზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია — ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ საკუთარ თავზე კონტროლი იმდენად დაკარგა, რომ ხელი აწია პოლიციელებზე და შეაგინა ისინი, შემდეგ კი გონება დაკარგა, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო >>

ზაზა სარალიძემ ორშაბათს განაახლა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. მან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ობიექტურად ვერ გამოიძია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობა. ამასთან ზაზა სარალიძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

პარლამენტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა კარვის დადგმა სცადეს, ხოლო პოლიციამ ამაში ხელი შეუშალათ. ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ამ უნამუსო ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი მკვლელები არიან და მკვლელებს ხელს აფარებენ. ფორმაამოფარებული მკვლელები, ისინი არცხვენენ ამ ფორმას. აქ ვიქნები, სანამ აქედან ჩვენს ცხედრებს არ გაიტანენ“, — განაცხადა სარალიძემ.

ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ რამდენჯერმე გამწვავდა. რაღაც მომენტში სარალიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. მან მანქანიდან ამოიღო შვილის ფოტო ჩარჩოთი და შუშით და ერთ-ერთ პოლიციელს ჩაარტყა, თან იგინებოდა. ამ დროს მან გონება დაკარგა.

ადგილზე მისულმა „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამჟამად პარლამენტთან 30-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის დაკავების სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძეს ყოველთვის უჭერდა მხარს.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

თბილისის 51-ე სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლების უსაფრთხოება - მოერევა თუ არა პოლიცია და განათლების სამინისტრო მოზარდთა აგრესიას

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.

კომისიის წევრებმა გამოკითხეს 79 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ჩხუბის მონაწილეები იყვნენ, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები და საქმის გამომძიებლები.

კომისიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმად, დავით სარალიძე გ.ჯ.-მ მოკლა. კომისია ამტკიცებს, რომ იარაღი ჰქონდა კიდევ ერთ მოსწავლეს — მ.კ.-ს, რომელიც საქმეში მთავარი მოწმის სტატუსით გადიოდა.

დასკვნის თანახმად, მ.კ. მკვლელობის თანამონაწილეა. ის აკავებდა და გ.ჯ.-სთან ერთად ურტყამდა სარალიძეს და, სავარაუდოდ, ის თავისი იარაღით დაჭრა. 


ყველა ახალი ამბავი
0