თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩთან დაკავშირებით შსს მორიგ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აზრი გამოხატონ არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად", — ნათქავმია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი პოლიციის მიერ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნისა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ მატჩთან და დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით„ქართული მარშის“ ოთხი წევრი — კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე და გიორგი ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
უეფამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი დააჯილდოვა. გასულ სეზონში „ვიტესის" შემადგენლობაში ასპარეზობისას კაშიამ ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. უფრო მეტიც, ქართველმა ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც დღეს საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად უნდა გამართულიყო. თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ აქცია გაუქმებულია, თუმცა სტადიონზე ლგბტ-სიმბოლიკის გამოჩენის შემთხვევაში ორგანიზატორები მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი რამდენიმე წუთში „დინამო-არენას“ სტადიონზე დაიწყება.