თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართულ ფეხბურთს თუ ვგულშემატკივრობთ, გვერდზე გადავდოთ, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია, ნათქვამია თბილისის მერის და ცნობილი ფეხბურთელის კახა კალაძის ვიდეომიმართვაში, რომელიც მან შაბათს საქართველოს და ლატვიის ფეხბურთის ნაკრებებს შორის მატჩის წინ გაავრცელა.
მისი თქმით, არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. კახა კალაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა, მსოფლიოს დაანახონ არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა.
უეფამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი ხუთშაბათს დააჯილდოვა. გასულ სეზონში „ვიტესის" შემადგენლობაში ასპარეზობისას კაშიამ ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. უფრო მეტიც, ქართველმა ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც თბილისში 9 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად გაიმართება.
კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა. ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს ეროვნული დროშა და ვიყოთ გულწრფელები გუნდის გულშემატკივრობისას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და საქართველოს ნაკრები შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს.
„მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატჩში. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის გულშემატკივრობით, ნაკრები, სრულიად საქართველო ხვალ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საწინდარი შეიძლება იყოს. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.