„ქართული მარში“ ფეხბურთელის წინააღმდეგ - აქცია მატჩზე საქართველო-ლატვია

© photo: Sputnik / STRINGER„ქართული მარშის“ მონაწილეები თბილისში
„ქართული მარშის“ მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ნაციონალისტები და კონსერვატორები ქართველ ფეხბურთელს უეფას ჯილდოზე უარის თქმას აიძულებენ

თბილისი,  29 აგვისტო — Sputnik. უეფას ერთა ლიგის საქართველო-ლატვიის ფეხბურთის მატჩი თბილისში 9 სექტემბერს ნაციონალისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნაციონალისტების, კონსერვატორების და ტრადიციული ფასეულობების სხვა დამცველი ძალების უკმაყოფილების მიზეზი გახდა უეფას გადაწყვეტილება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას Equal Game-ის ჯილდოთი დაჯილდოების შესახებ. გასულ სეზონში „ვიტესის“ შემადგენლობაში ასპარეზობისას, ცენტრალურმა მცველმა ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. სწორედ ამ აქციაში მონაწილეობისთვის დააჯილდოეს კაშია.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
უეფა Equal Game-ის ჯილდოს პირველად ქართველ ფეხბურთელს გადასცემს

„გურამ კაშიას საქციელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა მოუხადოს ბოდიში იმ ადამიანებს, ვის რელიგიურ გრძნობებსაც მიაყენა შეურაცხყოფა და ამ პრიზზე უარი თქვას. თუ ის აიღებს ამ ჯილდოს და არ მოიხდის ბოდიშს, ჩვენ, ქართველი ქომაგების უმრავლესობა მშვიდობიანი ფორმით და კანონის ფარგლებში შევქმნით ისეთ სიტუაციას და ფონს, რომ მას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშის სურვილი გაუქრება“, — განაცხადა მორგოშიამ.

მორგოშიას თქმით, აქცია გაიმართება როგორც სტადიონზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაშია არ ითამაშებს.

„აქცია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა იმ გამონაკლისის, თუ გურამ კაშია თამაშზე არ გამოცხადდება. თუ გურამ კაშია არ ითამაშებს, შესაბამისად აქციაც არ იქნება“, — აღნიშნა მან.

კაშიას მომავალ დაჯილდოებასთან დაკავშირებით მორგოშიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა პოსტი, რის გამო ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ისაა, რომ მორგოშიამ კაშიას მიმართა და დაწერა: „რომ ჩამოხვალ 9-ში, ყველაფერს ნახავ“. პოლიციის გამომძიებლები დაინტერესდნენ, ხომ არ გეგმავს „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამაარსებელი რაიმე უკანონოს.

ქართველი ფეხბურთელები ამერიკის დაპყრობას აგრძელებენ >>

„მათ აინტერესებდა, ხომ არ ვგეგმავ რაიმე უკანონოს. ჩვენ უკანონოს არაფერს ვგეგმავთ“, — განაცხადა მან. 

ამასთან, ცნობადმა სახეებმა გადაწყვიტეს კაშიას მხარი დაუჭირონ და წამოიწყეს კამპანია „გურამ, შენთან ვართ!“

„მე მგონია, რომ კლავიატურაზე ნებისმიერი რამის დაწერა ძალიან მარტივია. „კლავიატურის ლომებს“ მინდა მივმართო, ადამიანებს, რომლებიც აგრესიას აფრქვევენ და ალბათ არაფერი ღირებული თავიანთ ცხოვრებაში არ შეუქმნიათ. მე მათ ვუსურვებ, რომ იყვნენ ისეთივე წარმატებულები, როგორიც გურამ კაშიაა, ისეთივე შრომისმოყვარეები, ისეთივე ქმრები, ისეთივე მამები, ისეთივე ფეხბურთელები და ისეთივე სწორი მოქალაქეები, როგორიც არის გურამ კაშია“, — აღნიშნა ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მხარი ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა.

„ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე დიდი მნიშვნელობის მქონეა ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ,“ — განაცხადა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ Rustavi2-თან ინტერვიუში.

თავად კაშიამ, რომელიც ახლა MLS-ლიგაში „სან-ხოსე ერტკვეიქსში“ თამაშობს, აღნიშნა: „ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდოს ლაურეატად ამირჩია. მჯერა თანასწორობის იმისდა მიუხედავად, რისი გწამს, ვინ გიყვარს თუ ვინ ხარ“.

კაშიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2006-2010 წლებში კლუბის მიერ ჩატარებულ 91 მატჩში 12 გოლი გაიტანა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 2010 წლიდან გადავიდა „ვიტესში“. 2011-2012 წლების სეზონის წინ კაპიტნის სამკლავური მიიღო. საქართველოს ნაკრებში 293 თამაში ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


ყველა ახალი ამბავი
0