თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი პრობლემით დაინტერესდნენ. ისინი მათ მიერ დაკარგული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებასთან ერთად მოითხოვენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა აიღოს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარალელურად, „ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერები პოლიტსაბჭოს სხდომაზე იკრიბებიან. პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს.
„ქართული ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს და ის, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი ძალა ფსონს სალომე ზურაბიშვილზე გააკეთებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს. პრეზიდენტობისთვის 45 კანდიდატი იბრძოლებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია რომელიმე კანდიდატზე აუცილებლად შეაჩერებს თავის არჩევანს.
„ეს ძალიან დამაბნეველი იქნება საზოგადოებისთვის თუ ქართული ოცნება საერთოდ გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს. მე ვფიქრობ, რომ მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია როგორც მინიმუმ უნდა გამოხატოს ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე არჩევნებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება დაზარალებულ მეანაბრეებს, 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს" სამი ხელმძღვანელის მიმართ, რომლებსაც 2300-ზე მეტი მეანაბრის თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად. მათ 10, 8 და 7 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
საქმის მასალების თანახმად, შპს „საფინანსო კომპანია „საქართველომ“ მოქალაქეებისგან სესხის სახით აიღო 34 მლნ ლარზე, 70 მლნ აშშ დოლარზე და 4,6 მლნ ევროზე მეტი თანხა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რათა მეანაბრეებს შემოსავალი მიეღოთ.