თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმაც გააუქმა. ასე რომ, საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.
ამასთან, სასამართლომ აკრძალა მისი მოხმარება საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს“, — ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შსს-ს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგებისგან საზოგადოების დაცვის გაკონტროლება დაავალა, რომლის საფუძველზეც საქართველოში მარიხუანის გამოყენებაზე სასჯელი გაუქმდა. სწორედ აქედან გამომდინარე მოამზადა შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
„ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანას მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)“, — აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.
შსს შეახსენებს მოსახლეობას, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
პარალელურად, 3 სექტემბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმად მარიხუანის მოხმარება 21 წლის ასაკიდან უნდა იყოს ნებადართული. აკაკი ზოიძის განცხადებით, გარდა ამისა, უნდა დაწესდეს გარკვეული აკრძალვები მარიხუანის საჯარო ადგილებში მოწევაზე და კონკრეტული პროფესიების მიმართ. ჯანდაცვის კომიტეტი ამ მოთხოვნას სექტემბერში, ბიუჯეტის განხილვის დროს დააყენებს.
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის 74% გამოდის, მომხრე კი 18%-ია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორეც, რომელმაც თავის საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ საქართველოში ნარკოტიკების გამოყენების ლეგალიზაცია ერის მტრობაა.