თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს 30 სექტემბრიდან ეკომართვის საგამოცდო ბილეთები დაემატება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
რა სიახლეები ელოდებათ მართვის მოწმობის მსურველებს>>>
შესაბამის ბრძანებას — „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ", რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ხელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული. მართვის მოწმობის მისაღებ საგამოცდო ტესტებს ჯამში 51 ბილეთი დაემატა.
ბრძანების მიხედვით, ცვლილება „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოში მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს ეკოლოგიის შესახებ 51 საკითხი დაემატება, ბილეთების საერთო რაოდენობა 1792-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას, ცნობილია, რომ 2018 წლის ბოლომდე დაინერგება მისი ორ ეტაპად ჩატარება – მოედანზე და ქალაქში. ამჟამად პრაქტიკული გამოცდა მხოლოდ სპეციალურ მოედანზე ტარდება, სადაც მართვის მოწმობის მიღების მსურველმა გარკვეული მანევრები უნდა შეასრულოს.
დაგეგმილი ცვლილების თანახმად, მოქალაქეები პრაქტიკულ გამოცდას ჯერ დახურულ მოედანზე ჩააბარებენ, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი – ქუჩაში. გამოცდის ახალი სტანდარტებით ჩაბარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იქნება შესაძლებელი.
საქართველოში მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს აჭარბებს, აქედან თითქმის ყოველ მესამეს ავტომობილი ჰყავს.